weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია, დროული რეაგირება უნდა მოვახდინოთ – პრემიერი

11:57 პარასკევი, 12 ნოემბერი 2021

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია და მთავრობა ვალდებულია, დროული რეაგირება მოახდინოს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში განიხილეს, რომელიც პრემიერს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააცნო.

„უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს.

მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუალედური ანგარიში 2016-2020 წლის პერიოდს მოიცავს. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მათ წარადგინეს რეკომენდაციების პაკეტი ორი მიმართულებით.

„პირველი, ეს გულისხმობს ბაზარზე არსებული მაღალი კონცენტრაციისა და არსებული ჰოლდინგური სტრუქტურის ზეგავლენის შეფასებას და მათ განეიტრალებას, იმისათვის, რომ მეტი კონკურენცია იყოს მომხმარებლისთვის და მეტი ინფორმირებული არჩევანი ჰქონდეს მომხმარებელს იმისთვის, რომ საუკეთესო არჩევანის პირობებში მეტი დაზოგოს, როდესაც მედიკამენტებში საკმაოდ მაღალი დანახარჯების გაღება უხდება.  მეორე მიმართულება ჩვენი რეკომენდაციებისა, ეს არის სისტემური საკითხები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში, ჩვენი შეფასებით, სარეცეპტო პოლიტიკის ცვლილებას, მის ელექტრონიზაციას და მეტი არჩევანის გაკეთებას სარეცეპტო პოლიტიკის ფარგლებში, რადგანაც, მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და მეტი არჩევანი ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის შეძენაც მათ უწევთ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]