weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

არჩევნებისთვის ფასიან პოლიტიკურ რეკლამებზე „ოცნებამ“ და „ლელომ“ ყველაზე მეტი დახარჯეს

13:50 შაბათი, 20 ნოემბერი 2021

2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ტელე და რადიომაუწყებლების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 842 089 მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხის 83.7% ეროვნულმა სატელევიზიო მაუწყებლებმა მიიღეს.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ხუთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართულმა ოცნებამ“, „ლელო საქართველოსთვის“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩმა“ და „ტრიბუნამ“ – 8 ეროვნულ სატელევიზიო არხზე განათავსა. მაუწყებლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ჯამში 3 214 681 ლარი დახარჯეს.

„ქართულმა ოცნებამ“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამებში, ეროვნულ სატელევიზიო მაუწყებლებზე, ჯამში 1 803 103 ლარი (მთლიანი თანხის 56%) დახარჯა და რეკლამა 4 სატელევიზიო არხზე განათავსა. „ლელომ“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამებში 953 925 ლარი (მთლიანი თანხის 30%) დახარჯა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 291 230 ლარი, „გირჩმა“ –144 298 ლარი, „ტრიბუნამ“ – 22 125 ლარი.

„ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი „რუსთავი 2“-მა („მედია ჰოლდინგმა“ ) 769 461 ლარის ოდენობით მიიღო. მისი ძირითადი დამკვეთი „ქართული ოცნება“ (87.2 %) იყო. „ტელეიმედის“ შემოსავალმა 640 132 ლარი შეადგინა. არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ განათავსა.

ტელეკომპანია „პირველის“ შემოსავალმა 606 773 ლარი შეადგინა, მთლიანი თანხის 90% მაუწყებელზე პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელომ“ მიიტანა. „მთავარმა არხმა“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების განთავსებისთვის 467 364 ლარი მიიღო, საიდანაც მთავარი დამკვეთი (61.3%) „ლელო საქართველოსთვისაა“. „GDS“-ის შემოსავალი 276 648 ლარია და „ტელეიმედის“ მსგავსად, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა. „პოს ტვ“-ის შემოსავალმა 245 333 ლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი შემსყიდველი (88%) „ქართული ოცნება“ იყო. ტელეკომპანია „ფორმულამ“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების გაშუქებით 194 477 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც მთავარი დამკვეთი (63%) „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. „პალიტრა ნიუსზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „გირჩმა“ 14 492 ლარის ოდენობით განათავსა“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

რაც შეეხება რეგიონულ მაუწყებლებს, ჯამში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან 22-მა რეგიონულმა მაუწყებელმა 44 661 ლარი მიიღო.

ეროვნულ სატელევიზიო მაუწყებლებზე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დათმობილი დრო 12 ტელეარხზე გადანაწილდა. ტელემაუწყებლებში უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 35 000 წუთზე მეტი დაეთმო, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 22.5 მილიონი ლარია. ასეთი რეკლამიდან მაუწყებლებს თანხა რომ მიეღოთ, ყველაზე დიდ წილს, 14.2%-ს (3.2 მილიონი ლარი) „მთავარი არხი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მიიღებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]