weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

საქართველოს მთავრობას რუსული კომპანია „ინტერ რაოსთვის“ 80 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა 

16:40 ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021

სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობას რუსული ენერგოჰოლდინიგი „ინტერ რაოსთვის“ 80.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა სახელმწიფო ტელეარხმა „როსია 24“-მა გაავრცელა.

ტელეარხის ინფორმაციით, საქართველოსა და „ინტერ რაოს“ შორის ენერგეტიკულ დავას წერტილი დაესვა და სტოკჰოლმის არბიტრაჟი რუსული კომპანიის მხარეს დადგა. 

„სამი ავტორიტეტული საერთაშორისო არბიტრი კანადიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტებს და დაადასტურა 80 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის კომპენსაციის მიღების უფლება, გადაწყვეტილება არსებითად გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ბოლო ვადა 23 დეკემბრამდეა“, – იუწყება ტელეარხი. 

„ინტერ რაო“ საქართველოში კომპანია „თელასის“ 75%-იან წილს და ორ ჰესს – „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ს ფლობს. „როსია 24“-ის ცნობით, რუსულ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ლარის გაუფასურების შემთხვევაში ელექტოენერგიის საფასურის ზრდას ითვალისწინებდა და სწორედ სატარიფო გარანტიები იყო საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების მთავარი პირობა. 

„რა მოხდა 2013, 14, 15 და 16 წლებში: ლარის კურსი მკვეთრად დაეცა, დაახლოებით 40%-იანი დევალვაცია განიცადა. ამ პირობებში დადგა ტარიფების უსწრაფესად გადახედვის საკითხი, თუმცა საქართველოს მთავრობა ამაზე არ წამოვიდა და საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსულ კომპანიას კომპეტენტურ სასამართლოსთვის მიმართვის გარდა არჩევანი არ დარჩა“, – ამბობს ტელეარხის რესპონდენტი ალექსეი ისპოლინოვი. 

„როსია 24“-ის ინფორმაციით, მომდევნო წელს არბიტრაჟს მოუწევს განსაზღვროს „ინტერ რაოს“ სამომავლო ზარალისთვის კომპენსაციის ოდენობა და საერთო თანხამ შესაძლოა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბოს. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს სტოკჰოლმის არბიტრაჟმა საქართველოს რუსული კომპანიის სასარგებლოდ „გარკვეული კომპენსაციის“ გადახდა დააკისრა. როგორც სამინისტრო განმარტავს, „ინტერ რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80.5 მილიონი აშშ დოლარი. 

საქართველოს სახელმწიფო მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი.

„საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]