weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვიბრძოლოთ და 2022 წლის ბოლომდე იმდენივე შემოსავალი გექნებათ რაც გერმანიაშია – სააკაშვილი

16:28 ორშაბათი, 06 დეკემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილებს ავრცელებს. პირველ წერილში ის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება.

სააკაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ჭორებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში აბრუნებენ.

„ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში“, – აცხადებს სააკაშვილი.

ის ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, სადაც უნდა იქ გადაიყვანოს.

„უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ. უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – აცხადებს სააკაშვილი.

კიდევ ერთ წერილში ის საქართვლოდან ემიგრაციაში წასვლის მსურველებს მიმართავს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, „კიდევ 1 მილიონი ჩვენი თანამემამულე გეგმავს უცხოეთში გადახვეწას სამუშაოს და შემოსავლის გულისთვის“.

„ვიბრძოლოთ ერთად უახლოეს კვირებში, 2-3 თვე და გაძლევთ გარანტიას, რომ არა მხოლოდ სიტუაცია შეიცვლება, თითოეულ თქვენგანს შემდეგი წლის ბოლომდე ექნება მინიმუმ იმდენივე შემოსავალი, რაც პოლონეთში, საბერძნეთში ან თუნდაც გერმანიაში.

ვიცი, რომ პოლიტიკოსების დაპირებების არ გჯერათ, მაგრამ გაიხსენეთ ის, რომ მე არასდროს მომიტყუებიხართ. ჩვენ შევინარჩუნებთ სამშობლოს და მომავალს!“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ ცნობილია ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაპატიმრების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. ამის შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]