weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება

14:55 ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021
ფოტოზე - კობა გვენეტაძე ფოტოზე - კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

„კრიზისამდელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომები გაატარა, რამაც ხელი შეუწყო არსებული მოწყვლადობის მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, საკრედიტო პორტფელში უცხოური ვალუტის სესხების მაღალი წილის ფონზე, დოლარიზაცია არაჰეჯირებული (ანუ არა დაცული) მსესხებლებისა, ჯამურად, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად რჩება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, 2021 წლის აპრილიდან, ეკონომიკის აღდგენისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების ზრდა დაჩქარდა. 

„არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ასეთი სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10% იქნება. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა არაჰეჯირებულია, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და პორტფელის ზომიდან გამომდინარე ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების დაგროვებას. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. 

იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, შესაბამისად, სესხებს, გაცვლითი კურსის რისკთან ერთად, თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ საპროცენტო განაკვეთები დიდი ალბათობის გაიზრდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლებისთვის სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანების შესაძლებლობით გაზრდის. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]