weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

თუ ენკა ნამახვანჰესის პროექტში არ დარჩება, შეიძლება ის სახელმწიფომ განახორციელოს – თურნავა

11:17 პარასკევი, 17 დეკემბერი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქული კომპანია „ენკა“ პროექტიდან გავა, შესაძლოა ის სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს. როგორც თურნავა ამბობს, ნამახვანჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური პროექტია და დიდი იმედი აქვს, რომ აშენდება.

მინისტრის თქმით, ჰესებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, რაშიც გარკვეულწილად თავისი როლი ჰიბრიდულმა ომმა და პროპაგანდამაც შეასრულა, რადგან საქართველოს მიერ საკუთარი ენერგეტიკის განვითარება „ჩვენს ქვეყნის გარეთ არსებულ არცთუ ისე მეგობრულად განწყობილ ძალებს“ შესაძლოა არ მოსწონდეთ. 

„დღესდღეობით, 105 პროექტი კვლევის ეტაპზეა. ჯამში ეს არის 1068 მეგავატი. კიდევ 50 პროექტი გადასულია სამშენებლო ეტაპზე, ანუ იქ სამშენებლო ნებართვა არსებობს და მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის კიდევ 1176 მეგავატი, ანუ ჯამში – კვლევა და მშენებლობა არის 2200 მეგავატზე მეტი სადგური. ქარისა და მზის 9 პროექტია, ჯამში 600 მეგავატზე მეტი. 

2019-2021 წლებში 74 მემორანდუმია გაფორმებული, ეს არის 1000-მდე მეგავატი ახალი სიმძლავრე. პრობლემები სხვადასხვა პროექტში სხვადასხვაა. ზოგან ეს არის მოსახლეობა, ზოგან არის დამატებითი გარემოსდაცვითი კვლევის საჭიროება. ყველგან ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, რომ ინვესტორი უფრო მეტად ჩავრთოთ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში

ამ თვალსაზრისით ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები, სახელმწიფო რწმუნებულები და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი პრობლემა დაიძლევა. 

ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა განვმეორდე, რომ ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც სხვა მსხვილი წყალსაცავიანი ჰესები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან იგეგმებოდა და შემდეგ, სხვადასხვა პერიოდში, ან დაიწყო განხორციელება, ან ჯერ იგეგმება განხორციელება (ასეთია ხუდონი, ნენსკრა), არის ერთ-ერთი სტრატეგიული აქტივი – ისეთივე სტრატეგიული, როგორიცაა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, თბოსადგურები, სადაც ვასტაბილურებთ ჩვენს სისტემას, როდესაც ზამთრის დეფიციტი გვაქვს, როგორიც არის გაზსაცავი, რომელიც იქნება მომავალში.

ნამახვანჰესის არსებობა საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი, არა მარტო როგორც ამ მილიარდ 500 მილიონის დამატებითი ადგილობრივი გამომუშავება, არამედ როგორც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური პროექტის.

თავის დროზე, პროექტი დაიწყო საკმაოდ სწრაფად. თავიდან საკმაოდ კარგი კომუნიკაცია იყო ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. შემდეგ ეს კომუნიკაცია შენელდა და ვფიქრობ, ისევ და ისევ კომუნიკაციის ნაკლებობამ, არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, არასამთავრობო სექტორთან, გარემოს დამცველებთან, დაბადა ბევრი პრობლემა, მათ შორის, იყო ბევრი მითი, რომელიც ამ პროექტთან დაკავშიორებით ვრცელდებოდა, იყო გულწრფელი პროტესტი, ასევე. არ გამოვრიცხავ, რომ იყვნენ მოტივირებული ჯგუფებიც, თუმცა ეს ცალკეული ეპიზოდები იყო და ძირითადად, ალბათ, გულწრფელი წუხილი და კითხვები იყო. 

საბოლოო ჯამში გვაქვს ეს სურათი: როდესაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ინვესტორთანაც, იმისთვის, რომ გაგვეუმჯობესებინა ინვესტორთან დადებული ჩარჩო, გამოგვეკვეთა ის საკითხები, რომელზეც ყველაზე მეტი, თუნდაც ირაციონალური წუხილი იყო, მაგრამ შეიძლებოდა გათვალისწინება იმისთვის, რომ პროექტი უფრო სწრაფად წასულიყო წინ, სამწუხაროდ, ინვესტორმაც ვერ გამოიჩინა სათანადო მოთმინება და მოქნილობა. 

არადა, ასეთი პროექტები მთელს მსოფლიოში ძალიან ხშირად ასოცირდება მოსახლეობის პროტესტთან, გარემოს დამცველების მხრიდან სხვადასხვა კითხვებთან, პრობლემებთან და ინვესტორი ყოველთვის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამაში უფრო ღრმად შევიდეს. 

მართალია, თავიდან იყო მზადყოფნა და მივაღწიეთ კიდეც იმას, რომ გადაიდო კაშხლის მშენებლობა, გარკვეული დამატებითი კვლევების განხორციელებაზე იყო თანხმობა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიდა და საბოლოო ჯამში, ინვესტორმა გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა, რომ სურს პროექტიდან გასვლა. 

მინდა დავაზუსტო, რომ არბიტრაჟი დაწყებული ნამდვილად არ არის, ჩვენ ჯერჯერობით ვიმყოფებით მათთან მოლაპრაკების პროცესში, რომლის შედეგადაც თუ, დავუშვათ, ინვესტორი და ჩვენ ვერ შევთანხმდით რაღაც პირობებზე, რა პირობებითაც შეიძლება მათი დაბრუნება, თუნდაც მათი გასვლა პროექტიდან, იყოს ურთიერთშეთანხმებით და არ იყოს ისეთი პირობები, რომელიც, საბოლოო ჯამში, მერე ამ პროექტს დაუკარგავს საქართველოს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მივაღწევთ ამ შეთანხმებას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ ეს საკითხი – ერთი, ინვესტორთან, და მეორე, იმდაგავრად მოგვარდეს, რომ ეს პროექტი შემდეგ იყოს გახსნილი კვლავ განხორციელებისთვის.

თუ ინვესტორი „ენკა“ არ დარჩა პროექტში და ასე გადაწყდა, შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, რაც არ იქნება ურიგო, იმ კითხვების გათვალისწინებით, რა კითხვებიც ჩნდება ამის ირგვლივ და „ლიდერშიპი“ ჰქონდეს სახელმწიფოს.

შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც იყოს მოყვანილი, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა ამ პრობლემამ. ამ შემთხვევამ დაგვანახა, რომ მსხვილ პროექტებს სჭირდება მართლაც განსხვავებული მიდგომა და მეტი მუშაობა მთავრობის და ჩვენი სამინისტროს მხრიდან მოსახლეობასთან და უფრო მეტი მომზადება. 

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნამახვანი აშენდება, აშენდება სწორად და სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით“, – განაცხადა ნათია თურნავამ. 

ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ საქართველოს მთავრობასთან 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რის მიზეზადაც ხელშეკრულების პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი დაასახელა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]