„ბოლო წლებში, მესტიის მუნციპალიტეტი მუდმივად დგას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე. ამ მხრივ კი მდგომარეობა ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება. დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა“, – ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
მერია „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ დაყრდნობით აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 7 მეგავატია საჭირო, დღეს კი მესტიის მუნიციპალიტეტი 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს.
„გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები.
დღეისათვის დაზიანებულია ენგურჰესის ხაზი და ელექტროენერგიის მოწოდება ხდებოდა ალტერნატიული ხაზიდან (ლაჯანური) რომელიც ასევე დაზიანდა. არსებული ქსელის შესანარჩუნებლად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უწევს დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება. გრაფიკი გაგრძელდება ალტერნატიული ხაზის აღდგენამდე“, – აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და მოსახლეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„პატივი ვცეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახებს და შვილებს, გამოვრთოთ „მაინერები“ და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება. მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ „იოლი“ ფულის მიღების სურვილს, მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს“, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, მაგალითად, უშგულის და მულახის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ელექტროენერგია გაეთიშება დღისა და ღამის შემდეგ პერიოდებში – 10:00-დან 12:00 საათამდე, 16:00-დან 18:00 საათამდე და 22:00-დან 24:00 საათამდე, ხოლო დაბა მესტიაში მცხოვრებლებს – 08:00-დან 10:00 საათამდე, 14:00-დან 16:00 საათამდე და 20:00-დან 22:00 საათამდე.
მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურის გადახდისგან გათავისუფლებულია. გადასახადს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან.
ამ თემაზე:
არის თუ არა სვანეთში უშუქობის მიზანი მოსახლეობის იძულება - ელენერგია ფასიანი გახდეს