weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„მაინინგი“ უნდა შეიზღუდოს და ენერგიის ფული ყველამ უნდა გადაიხადოს – ნარმანია

13:30 ოთხშაბათი, 29 დეკემბერი 2021

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ზემო სვანეთის ენერგომომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ ელექტროენერგიის საფასური არ იქნება გადახდილი, ხშირი წყვეტები და ავარიები იქნება, რაც ყველაზე მეტად ტურიზმს და მოსახლეობას დააზარალებს. 

ნარმანიას თქმით, მაშინ, როდესაც მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, სემეკი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარისხიანი და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას ვერ მოსთხოვს. 

„90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხმების შედეგად, მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის. კომერციული სექტორიც მხოლოდ მინიმალურ დონეზე იხდის და აქაც ამოღების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს განაპირობებს მაღალ მოხმარებას ქსელის დატვირთვის და გადატვირთვის პირობებში, რომელიც დიდწილად „მაინინგებით“ არის დატვირთული. ბოლო პერიოდში, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მეგავატია, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას, როგორიც არის პირობითად ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ. 

ამრიგად, უნდა იყოს რეაგირება ამ „მაინინგების“ შეზღუდვის ნაწილში. ობიექტები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ენერგია, ვინაიდან ეს არის ტურისტული რეგიონი - სასტუმროები, საბაგირო და ა.შ., მათთვის უნდა მოხდეს უწყვეტად მიწოდება და ყველამ უნდა გადაიხადოს ენერგიის ფული. ამის გარეშე იქ ჩვენ ვერ მოვთხოვთ „ენერგო პროს“, რომ მაქისიმალურად ხარისხიანად მიაწოდოს ენერგია, იმიტომ, რომ ახორციელებს ინვესტიციებს და არ აქვს უკუგება, რაც მარეგულირებელ წესებთან წინააღმდეგობაში მოდის. 

ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის გადასახადს, გვექნება ხშირი წყვეტები, ავარიები და ავარიების შედეგად აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. ამდენად, ისევ ტურიზმზე და მოსახლეობის კომფორტზე აისახება ეს ყველაფერი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, ამ ეტაპზე გამოსავალია უკანონო „მაინერების“ გათიშვა, რაც ქსელს ამძიმებს.

„თუ საჭიროება მოითხოვს, „მაინერები“ უნდა დაყადაღდეს კიდეც. თავის დროზე ასეთი რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად და მგონია, რომ ასეთი ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ნარმანიამ. 

ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ზახების დაზიანების მთავარი მიზეზი უკანონო „მაინინგია“. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, რომ ავარიების განმეორება გარდაუვალია და „ენერგო-პრო ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე.

„ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული „მაინერებია“, რომელთა რიცხვიც ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის „მაინერი“ გავთიშეთ და ამოვიღეთ პოლიციასთან ერთად.

მესტიაში არსებული უკანონო „მაინინგი“ არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ. ამის ორგანიზატორი აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს ორი მთავარი მიზეზის გამო: მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას და უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება; აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა“, – განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მესტიის მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზები აღდგენილია და ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ფიქსირებული სქემით მიეწოდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]