weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ დღეიდან „მაინერებს“ გამორთავენ

18:23 ხუთშაბათი, 30 დეკემბერი 2021

მესტიის მცხოვრებლებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხატის წინაშე დაიფიცეს, რომ დღეიდან ელექტროენერგიას ბიტკოინების მწარმოებელი მაინერების მუშაობას აღარ მოახმარენ. 

„დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან, ვინც „მაინერი“ არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს! ყველა მივიდეთ სახლებში და ვისაც გვაქვს, გამოვრთოთ“, – განაცხადეს ტაძარში შეკრებილმა მამაკაცებმა.

ფიცის დადების რიტუალის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ფიცი არა მხოლოდ მესტიაზე, არამედ ზემო სვანეთის ყველა სოფელზე გავრცელდეს. 

„სწორი გამოსავალია ის, რომ დღეს მარტო მესტია შეიკრიბოს და დაიფიცოს? მგონია, რომ ეს არის „ენეგრო-პრო ჯორჯიას“ თამაში, რომელსაც მხოლოდ მესტიას ეთამაშება, რადგან ფაქტია, რომ სხვას ყველას დღეს შუქი აქვს. მთელ საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთი ხატზე იფიცებს. კი ბატონო, დღეს ჩვენ გამოვედით და პატიოსანი გულით დავიციფებთ, მაგრამ რა მოხდება შემდეგ? იმის გამო, რომ მხოლოდ მესტია დავიფიცებთ და არა სხვა სოფლები, მარტში, მაისში, შეიძლება მანამდეც, „ენერგო-პრო ჯორჯია“ გაავრცელებს ინფორმაციას, რომ სვანებმა ხატი გატეხეს. საბოლოოდ ხომ მაინც იქამდე მივალთ, რომ გადასახადს დაგვიწესებენ და მრიცხველებს დაგვიყენებენ? ყველა ერთად უნდა დავდგეთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც სვანები ამბობენ, ხატზე დაფიცების ტრადიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც მოქალაქეების მოთხოვნისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად, მთავრობამ „მაინერების“ ამოსაღებად არაფერი გააკეთა. 

ზემო სვანეთში ელექტროენერგიის უწყვეტად და ხარისხიანად მიწოდების პრობლემა ბოლო წლებია დგას. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებენ, მოსახლეობა, რომელიც ბოლო 30 წელზე მეტია ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულია, ბიტკოინების მწარმოებელ „მაინერებს“ უკანონოდ ამუშავებს, რაც ქსელის გადატვირთვის და ხშირი ავარიების მიზეზი ხდება. კომპანიის ინფორმაციით, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, მაშინ, როდესაც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 7 მეგავატია საჭირო. 

ელექტროენერგიის ხშირი წყვეტა კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის მოსახლეობას იმ ფონზე, რომ რეგიონში ბუნებრივი აირი არ არის და ზამთარში დენს გასათბობადაც იყენებენ. ადგილობრივები ტურიზმის და ონლაინ სწავლების შეფერხებაზე საუბრობენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ფული ყველამ უნდა გადაიხადოს, რადგან ამის გარეშე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ვერ დაავალდებულებენ, მაქისიმალურად ხარისხიანი მიწოდება უზრუნველყოს. 

„უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის გადასახადს, გვექნება ხშირი წყვეტები, ავარიები და ავარიების შედეგად აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. ამდენად, ისევ ტურიზმზე და მოსახლეობის კომფორტზე აისახება ეს ყველაფერი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს „მაინერების“ ამოღება და თუ საჭიროება მოითხოვს, დაყადაღებაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]