weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩვენების აღების პროცესში შესაძლოა გამოვლინდეს უზუსტობები – „თელმიკო“

21:38 ოთხშაბათი, 05 იანვარი 2022

თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“ აბონენტებისთვის ორჯერ გაგზავნილი ქვითრების საკითხზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დეკემბრის ბოლოს მრიცხველებიდან აღებული ჩვენებების ანალიზი მიმდინარეობს. კომპანია არ გამორიცხავს, რომ ჩვენების აღების დროს შეცდომა დაუშვეს.

„სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან შეიცვალა მრიცხველის წაკითხვის პერიოდი და ელექტროენერგიის გადახდის ვადა. აღრიცხვის ახალ მოდელზე გადასასვლელად, 2021 წლის დეკემბრის ბოლოს სს „თელასმა“ მრიცხველებიდან აიღო ჩვენება, მიღებული ჩვენებების საფუძველზე „თელმიკოს“ მიერ მომზადდა და დაიგზავნა ქვითრები.

ჩვენების აღების პროცესში შესაძლოა გამოვლინდეს უზუსტობები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჩვენებების დეტალური ანალიზი, შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება გადასახადების გადაანგარიშება. ამასთან ერთად, გადასახადის კორექტირების პროცესში, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა არ მოხდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აბონენტები აცხადებენ, რომ დეკემბერში ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადასახდელად არა მხოლოდ ორი ქვითარი მიიღეს, არამედ იმაზე ბევრად მეტის გადახდაც უწევთ, ვიდრე გასულ თვეებში. ზოგიერთი აბონენტი ამბობს, რომ დავალიანება იმ საცხოვრებელ ბინაზეც დაუფიქსირდათ, სადაც არ ცხოვრობენ.

როგორც „თელმიკო“, ისე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არ გაზრდილა. ამასთან, დღემდე „თელმიკო“ უკმაყოფილო მომხმარებლებს მოუწოდებდა, მიმდინარე დავალიანების დაზუსტების მიზნით ინტერნეტ ბანკებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული ინფორმაცია შეემოწმებინათ და ასევე, ბოლოს მიღებული ქვითრის მომზადების თარიღს დაკვირვებოდნენ.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს პირველი ქვითარი დეკემბერში უნდა მიეღოთ, რომელზეც ასახული იქნებოდა 30 დღის განმავლობაში (ნოემბერი-დეკემბრის დასაწყისი) მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. მრიცხველების წაკითხვა დეკემბრის თვის ბოლო ოთხ დღეში უნდა მომხდარიყო, რის შემდეგაც აბონენტებს დეკემბრის მოხმარების ამსახველი მეორე ქვითარი მიუვიდოდათ. როგორც სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანის განმარტავს, ქვითრების მიღებას შორის სულ მცირე ორკვირიანი შუალედი უნდა ყოფილიყო.

ფანგანის განცხადებით, სემეკ-მა მოაწესრიგა ქვითრების დარიგების არეული სისტემა, როდესაც „მოსახლეობას ქვითრები 22 დღის განმავლობაში მისდიოდა სხვადასხვა ბლოკების და ჯგუფების მიხედვით“ და იანვრიდან ყველა აბონენტი ქვითარს ერთიან პერიოდში, თვის ბოლოს მიიღებს.

 

ამ თემაზე:

რატომ მიიღეს აბონენტებმა დენის ორი ქვითარი – სემეკ-ის განმარტება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]