დავით ნარმანიას ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი კომპანიებში დღეს შევიდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს ორივე კომპანია – როგორც „თელასი“, ასევე „თელმიკო“ – დაჯარიმებული გვყავდა და გადაწყვეტილებით მივუთითეთ, რომ მსგავსი ხარვეზების განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმაც იქნებაოდა გაორმაგებული, რა თქმა უნდა, თუ მსგავსი ხასიათის დარღვევები იქნა აღმოჩენილი და დადასტურებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, იქნება გაორმაგებული ჯარიმა. ეს ითვალისწინებს „თელასის“ 50 ათასი ლარის გაორმაგებული ოდენობით, ანუ 100 ათასი ლარით დაჯარიმებას, ხოლო კომპანია „თემიკოს“ 75 ათასი ლარის გაორმაგებული ოდენობით, ანუ 150 ათასი ლარით დაჯარიმებას – კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებთან და ქვითრის გაგზავნასთან დაკავშირებულ საკითხებთან გვექნება საქმე, ანუ ადგილი ექნება სემეკის მიერ დადგენილი წესებიდან გადახვევას“, – განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, აბონენტებისთვის ზედმეტი დარიცხვების აღმოჩენის შემთხვევაში, თანხები შესწორდება.
„ჩვენ, როგორც წესი, კომპანიას ვავალებთ მონაცემთა ბაზაში ყველა ქვითრის გადახედვას. შარშანაც ასე გავაკეთეთ, როცა მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე ვნახეთ, რომ გარკვეული ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ჩვენი დავალებით მათ ყველა ქვითარი, ყველა დარიცხვა ნახეს და იქ სადაც არასოწრად იყო დარიცხული, ყველა მათგანი დააკორექტირეს. როდესაც ჩვენ ვავალებთ, ვავალებთ, რომ ყველა ქვითარი ინახოს , რადგან შესაძლოა ყველა მოქალაქეს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, განცხადებით მიმართოს მარეგულირებელ კომისიას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თბილისელი აბონენტების საჩივრების შემდეგ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ („თელმიკო“) და სს „თელასის“ შემოწმება გადაწყვიტა. სემეკის სპეციალური ჯგუფი 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდს შეამოწმებს.