weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

მარტიდან სოცდაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმება იგეგმება, ხელფასი 300 ლარი იქნება 

11:58 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მარტიდან მთავრობა სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამას იწყებს. ინიციატივა, სოციალური დახმარების შეწყვეტის გარეშე, მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას გულისხმობს. 

ახალ პროგრამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მთავრობა ვარაუდობს, რომ საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა სიღარიბის დაძლევის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.

„რამდენიმე კვირის წინ, ღიად ვისაუბრე ინიციტივაზე, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში და საციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. ამ მიზნით ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში დავიწყეთ მუშაობა და მე, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, გუნდი გავაგზავნე ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითის დასამუშავებლად. ჩვენ კარგად შევისწავლეთ, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული ინიციატივა ევროპაში და დღეს მზაობა გვაქვს ამ პროექტის დასაწყებად.

მინდა მოსახლეობას განვუმარტო თუ რას გულისხმობს ეს ინიციატივა: მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი ამოცანაა სირარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგადად, უნდა შევცვალოდ სოციალური პოლიტიკა; კარგად ვიცით, რომ სიღარიბის შემცირებისკენ გზა სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ ჩვენ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 000-ზე მეტი შრომისუნარიანია, ანუ 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ეკონომიკაში, არიან აბსოლუტურად დემოტივირებული იმისთვის, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდებათ, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთლიდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველა, ვისაც ეს შეუძლია, ჩაერთონ ეკონომიკურ პროცესში.

ამიტომ პირველი მარტიდან ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას“, – განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და როგორც პრემიერმა თქვა, ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეეძლება. 

„პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი, ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000-ზე მეტი ადამიანი“, – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროები 50 000-მდე ვაკანსიას გამოაცხადებენ. პროგრამას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განახორციელებს.

„მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბმისი ვაკანსია, ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება რომ მოახდინოს (ანუ ლეგალიზება) ან მომზადებისა და გადამზადების ქვეპროგრამებში ჩაერთოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციაური დახმარების შეწყვეტას. 

მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩნუნდება საარსებო შემწეობა, ანუ დახმარება, რასაც დღეს იღებს, მიეცემა 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ამას არ შევეხებით. ამის ზემოდან, ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ანუ ერთი მხრივ მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 400-500 ლარი, შეიძლება 700-800 ლარიც, და ამის ზემოდან დამატებით 300 ლარი იქნება სახელმწიფოსგან. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ ის არ დათანხმება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც სამართლიანია. ამ დროის განმავლობაში მას შეეძლება შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს. 

ჩვენი ვარაუდით, საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე: ერთი მხრივ 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეულ შრომით პირობებს და თვითრეალიზაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, უნდა ვაქციოთ კონკურენტუნარიან, მოტივირებულ მოქალაქეებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]