weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყოჩაღ! მადლობა ღარიბაშვილს რუსეთის დუმიდან - ქართული ეკონომიკა რუსული გავლენის ქვეშ

23:51 პარასკევი, 25 თებერვალი 2022
ფოტოზე - ვლადიმირ ჯაბაროვი ფოტოზე - ვლადიმირ ჯაბაროვი

„საბოლოოდ გონიერებამ გაიმარჯვა. საქართველო ინარჩუნებს კარგ სავაჭრო ურთიერთობას ღვინის, ხილის და ბოსტნეულის ბაზრებზე. ისინი მიხვდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებით მიღებულ ზარალს დასავლეთი მათ არ აუნაზღაურებს. საერთოდ, რა მათი საქმეა ის სიტუაცია, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ყოჩაღ! მხოლოდ მივესალმებით ასეთ გადაწყვეტილებას! - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა და დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაუწესეს.

რუსულ ბაზარზე საქართველოს დამოკიდებულება ყოველწლიურად იზრდება. 2012 წლის შემდეგ, რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. ჩრდილოელი მეზობელია საქართველოში წარმოებული ღვინის, ციტრუსისა და სხვა პროდუქტების მთავარი საექსპორტო ბაზარიც. უდიდესია რუსეთის წილი ფულადი გზავნილების მოცულობაში. საქართველოს ბაზარზე მზარდია რუსული კომპანიების რაოდენობა და კაპიტალიც. სპეციალისტების შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება რუსული ბაზრის ჩანაცვლებაზე ზრუნავდეს, უფრო მეტად უწყობს ხელს საქართველოს მასზე დამოკიდებულებას, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის დამაზიანებელია. 

იმპორტ-ექსპორტი - უშუალოდ საკვები პროდუქტების იმპორტში რუსეთს საქართველოს ბაზარზე პირველი ადგილი უჭირავს. საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 70 % რუსულ ხორბალზე მოდის, იმპორტში კი რუსეთის წილი 90 %-ს აღწევს.

რუსეთის შემდეგ, ბოლო მონაცემებით ყველაზე მეტი საკვები პროდუქტი და სასმელი თურქეთიდან და უკრაინიდან შემოდის. 

2012 წლამდე, საქართველოსთვის საკვებ პროდუქტების მთავარი იმპორტიორი უკრაინა იყო. 2010-2011 წლებში უკრაინიდან 350,505 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რუსეთიდან - 285,357-ის. 2012-2013 წლებიდან რუსული პროდუქტის წილი ყოველწლიურად იზრდება, უკრაინის იკლებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში, რუსეთიდან 85,929 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30,2 მილიონით აღემატება. 

19,9 მილიონით გაიზარდა საქართველოდან რუსეთში ექსპორტიც და 42,684 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

რუსეთიდან საქართველოში ძირითადად ნავთობი, ნავთობის აირები, სატელეფონო აპარატები, ხორბალი, რძის პროდუქტები და სხვა საქონელი შემოდის. საქართველოდან ძირითადად ყურძნის ღვინო, მინერალური წყალი და ციტრუსი გადის. 

რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი პროდუქციის საერთო ღირებულებამ გასულ წელს 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ექსპორტზე გავიდა 610,026 მილიონის პროდუქცია. იმპორტის მაჩვენებლებით, რუსეთს მხოლოდ თურქეთი, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლებით - ჩინეთი უსწრებს. 

ფულადი გზავნილები - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლების ტენდენციაა, რუსეთი მაინც მოწინავე პოზიციებს იკავებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთიდან გასულ წელს 443 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. 2022 წლის იანვარში - 22,3 მილიონი. ამ მონაცემებით, რუსეთს მხოლოდ იტალია უსწრებს. 

მთლიანობაში, 2021 წელს უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 13% იყო. 

რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ბაზარზე - ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია მუშაობენ უმსხვილესი რუსული კომპანიები, რომელთა რაოდენობა და კაპიტალიც მზარდია. მათ შორისაა, „ვითიბი ბანკი“, რომელსაც სხვა რუსულ ბიზნესებთან ერთად, ამერიკისა და ევროპის მიერ დაწესებული სანქციები შეეხება.  

ტაქსის გამოძახების სერვისები „იანდექსი“ და „მაქსიმი“, „ვითიბი“, „სოფლის ნობათის“ რძის პროდუქტები, სატელეკომუნიკაციო ქსელი „ბილაინი“,  ფულადი გზავნილების კომპანია „ზოლოტაია კორონა“ - ეს საქართველოში წარმატებული რუსული ბიზნესების არასრული ჩამონათვალია. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში დარეგისტრირებულია 3 500-ზე მეტი კომპანია, რომელთა მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2021 წელს გამოქვეყნებულ  კვლევაში „ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები“ ნახსენებია ისეთი მსხვილი კომპანიებიც, რომელთა მართვაშიც რუსეთის მოქალაქეები არიან ჩართული. ერთ-ერთია მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „აიდიეს-ბორჯომი, რომლის საქართველოს ფილიალის მმართველი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია. ასევე, სათამაშო ბიზნესში ჩართული კომპანიები, რომელთა თანამფლობელებიც ოფშორულ კომპანიებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეები არიან. მაგალითად, ბათუმში არსებული სამორინესა და გასართობი ცენტრის მფლობელი შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“, რომლის  65 %-საც კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Peftersona Limited ფლობს, 30 %-ს რუსეთის მოქალაქე ილია ბულიჩევი, ხოლო 5 %-ს ლევან ქორქაშვილი. „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“ 2015 წლის ნოემბერში დაარსდა და მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე ალექსანდერ იუდინია.  

რა საფრხეებს შეიცავს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულბა და მისი ჩანაცვლების რა ალტერნატივა არსებობს, ისე, რომ ქართული ეკონომიკა არ დაზარალდეს. ამ საკითხებთან დაკავშირებით, Reginfo „საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელს, გიორგი კეპულაძეს ესაუბრა. 

გიორგი კეპულაძე, ბევრი სხვა ეკონომისტის მსგავსად, რუსულ ბაზარს პოლიტიკურ ბაზრად მოიხსენიებს და მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ეკონომიკის რუსეთთან მჭიდრო კავშირი საგანგაშოა როგორც ეკონომიკის სტაბილურობისთვის, ისე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. 

„რუსეთის მთავარი იარაღი სამხედრო ძალაა, რომელიც ჩვენს თავზე არაერთხელ გამოვცადეთ, თუმცა 2012 წლიდან ის ამ ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდით, თავისთავად, გარკვეულ გავლენას ინარჩუნებს და ამის მაგალითია თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის აბსოლუტურად კაპიტულანტური განცხადება,რომ სანქციებს არ შევუერთდებით. ეს მინიმუმ ხმამაღლა არ უნდა ეთქვა. სამწუხაროდ, ეს არის ის პოლიტიკური გავლენა, რომელსაც რუსეთი ეკონომიკური გავლენების მეშვეობით აღწევს“ - გიორგი კეპულაძე იმ მაგალითებს იხსენებს, როდესაც რუსეთმა პოლიტიკური მოტივით საქართველოს ეკონომიკა საფრთხის წინაშე დააყენა. 

  • 2005 წელს, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა დეპარტამენტმა აკრძალა საქართველოდან რუსეთში ცოცხალი მცენარეული პროდუქტების შეტანა. 
  • 2006 წლის იანვარში, ჩრდილოეთ კავკასიაში მაგისტრალური გაზსადენის აფეთქებას, ელექტროსისტემის გათიშვა მოჰყვა და საქართველო ენერგობლოკადაში აღმოჩნდა.
  • 2006 წლის მარტში, რუსეთმა საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი აკრძალა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ქართველმა მეწარმეებმა აქტიურად სხვა ბაზრების ძებნა. 
  • 2006 წლის ოქტომბერში, რუსეთმა ქვეყნიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წელს, რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა ქართველების მასობრივი დეპორტაციისთვის.
  • 2006 წლის 2 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან შეწყვიტა საფოსტო, საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო, სარკინიგზო კავშირი. დაარღვია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენცია, ასევე არაერთი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან ჰქონდა გაფორმებული. 

შვიდწლიანი ემბარგო 2013 წელს დასრულდა. 

„კარგად გვახსოვს 2019 წელიც, როცა საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების გამო, სამგზავრო ფრენები აკრძალა“, - გვეუბნება გიორგი კეპულაძე, - „რუსეთის ბაზარი ყოველთვის არის გარკვეული რისკის შემცველი და ძალიან ცუდია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება და სავაჭრო ურთიერთობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ამ ეკონომიკურ შოკებს, რადგან ის ფაქტორები, რაც რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს, ჩვენზეც მოქმედებს. თუ სადმე ომში ჩაებმება, ისიც იმოქმედებს და კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე და ეს პირველ რიგში აუცილებელია არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სხვა ტიპის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]