საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2017 წლის ივლისში, თურქეთის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გამოიცა განკარგულება, რომლის თანახმად, პირველ ეტაპზე სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში, სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ერთი წლის განმავლობაში, 90 დღით არ ესაჭიროებათ მუშაობის ნებართვის მიღება.
„მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტის“ მისაღებად საქართველოს მოქალაქე ვალდებულია შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის ვებგვერდზე, რომელიც ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე ფუნქციონირებს და ელექტრონულ ფორმატში განცხადება შეავსოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, უცხოელთა მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტი უზრუნველყოფს იმას, რომ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა მიერ პროცედურების შესრულების შემთხვევაში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებები.
განცხადების შევსების წესები და პროცედურები განთავსებულია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებგვერდზე.