weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

„თელასსა“ და „თელმიკოში“ დარღვევები გამოვლინდა, აბონენტებს 569 605 ლარი დაუბრუნდათ

14:19 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

„თელასისა“ და „თელმიკოს“ საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები, რამაც დეკემბერსა და იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ავრცელებს.

სემეკ-მა „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 75 ათასი ლარით დააჯარიმა, მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე კი ჯამში 569 605 ლარი დაუბრუნდათ.

„კორექტირების პროცესი არ არის დასრულებული და მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე თანხების დაბრუნება გრძელდება, შემოწმების ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია დამატებით 8254 მომხმარებელი, რომელთა მრიცხველების წაკითხვის პროცესში ხარვეზები გამოვლინდა“, – აცხადებენ სემეკ-ში.

სემეკ-მა „თელასისა“ და „თელმიკოს“ საქმიანობის შემოწმება 3 თებერვალს დაიწყო. სემეკ-ის ინფორმაციით, „თელასში“ გამოვლენილი დარღვევები, ძირითადად, უკავშირდებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის კვტ.სთ-ების არასწორად აღრიცხვას, მრიცხველების ნაწილობრივ ტექნიკურ გაუმართაობას, მრიცხველების წაკითხვის ვადების დარღვევას – ანათვალის აღება აღემატებოდა 30 დღეს. 

„შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ქსელის ცალკეულ უბნებზე მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგია რიგ შემთხვევებში აღემატებოდა სატრანსფორმატორო ქვესადგურებში მიღებულ ენერგიას, რაც მრიცხველების წაკითხვის პროცესის ხარვეზზე მიუთითებს. 

ამასთანავე, 

ელექტროენერგიის კვტ.სთ-ების დარიცხვა განხორციელდა სტატუს შეწყვეტილ მომხმარებლებზეც (ე.წ. დაკეტილი ფართები), რომლებსაც ელექტროენერგიის მოხმარება არ უფიქსირდებოდათ. ჯამში, დეკემბერსა და იანვარში აბონენტებზე არასწორად დარიცხული კვტ.სთ-ების ოდენობამ 2, 413 462 კვტ.სთ შეადგინა. 

აღნიშნულის გამო, დეკემბერსა და იანვარში გაიზარდა იმ მომხმარებელთა წილი, რომელთაც ელექტროენერგიის გადასახადი საფეხურებრივად ყველაზე მაღალი ტარიფით დაერიცხათ.

დარღვევები გამოვლინდა დეკემბერში მრიცხველის წაკითხვის ახალ სისტემაზე გადასვლის პერიოდში 2 ქვითრის მიღებისას. სემეკ-ის მიერ დაანონსებულ ე.წ. ტექნიკურ გარდამავალ ეტაპზე, დეკემბერში სს „თელასი“ მრიცხველებს წაიკითხავდა ორჯერ, რის საფუძველზეც მომხმარებელთა ნაწილი ერთჯერადად მიიღებდა 2 ქვითარს, რომელშიც განაწილებული იქნებოდა დეკემბრის გადასახადი. მაგალითისთვის, პირველ ქვითარში ასახული უნდა ყოფილიყო 20 დღეზე დარიცხული გადასახადი, ხოლო მეორე ქვითარში – 10 დღეზე დარიცხული გადასახადი. შესაბამისად, მეორე ქვითარში დარიცხული გადასახადი უნდა ყოფილიყო პირველი ქვითრით დარიცხულ გადასახადზე ნაკლები. 

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში, დეკემბერში მრიცხველების ორივე წაკითხვის შედეგად მომხმარებელზე დარიცხული კვტ.სთ-ების ოდენობა იყო იდენტური, მიუხედავად წაკითხვის შუალედში განსხვავებული დღეების რაოდენობისა, რიგ შემთხვევებში დეკემბრის მეორე ჩვენება აღემატებოდა დეკემბრის პირველ ჩვენებას, მიუხედავად იმისა, რომ მრიცხველის მეორე წაკითხვის დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო პირველზე, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დეკემბერში მრიცხველების მეორე წაკითხვა არ განხორციელებულა, რის გამოც ხელოვნურად გაიზარდა იანვარში დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „თელმიკოს“ მიერ განხორციელებული დარიცხვები განხორციელებული იყო „თელასის“ მიერ მიწოდებული არასწორი მონაცემების საფუძველზე, თუმცა საფასურის დარიცხვისას არ დარღვეულა ტარიფის საფეხურის მისადაგების წესი“, – ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, დარღვევების აღმოსაფხვრელად სს „თელასს“ ერთთვიანი ვადა განესაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]