weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საქართველო რუსეთისგან ხორბალს ვეღარ ყიდულობს და სხვა ბაზრებს ეძებს – სანქციების ეფექტი 

18:15 ორშაბათი, 07 მარტი 2022

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და დასავლეთის საპასუხო სანქციებმა მსოფლიოში ხორბლის მიწოდება შეაფერხა. დოლარსა და ევროში საბანკო გადარიცხვების შეზღუდვის გამო, რუსეთიდან ხორბლის შემოტანას ვეღარც ქართველი იმპორტიორები ახერხებენ.

რუსეთი ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, ხუთეულში შედის უკრაინაც, თუმცა ახლა ორივე ქვეყნის პორტები ჩაკეტილია, მიწოდება მოთხოვნას ვერ ეწევა, ხორბლის საერთაშორისო ფასი კი მკვეთრად იზრდება.

„ახლა ჩემოდნით თუ გადაიტანს ვინმე ფულს, თორემ გადარიცხვა შეუძლებელია. ამიტომ გადავდივართ იმ ქვეყნებზე, სადაც ეს პრობლემა არ არის, მაგრამ უკრაინის და რუსეთის ბაზრების ჩაკეტვამ სხვა ქვეყნებშიც გამოიწვია ფასების ზრდა“, – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას თქმით, ახლა რუსეთში გადარიცხვა მხოლოდ რუბლშია შესაძლებელი. 

რუბლში გადარიცხვას კი ორი პრობლემა ახლავს თან: ერთი, რომ დასავლეთის სანქციების ფონზე ეს აღიქმება დახმარებად რუსეთისთვის, გვერდი აუაროს შეზღუდვებს, ხოლო მეორე – სწორედ ამ სანქციების გამო, რუბლმა მსყიდველუნარიანობა დაკარგა. 

საქართველოში ხორბლის მხოლოდ ერთი თვის მარაგია დარჩენილი. გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყანას ხორბლის ორი თვის მარაგი უნდა ჰქონდეს.

„ახლა ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად, რომ ხორბალი შემოვიტანოთ და მარაგები შევავსოთ, თუმცა ეს იქნება სულ სხვა ფასად. 

კატასტროფა არ ხდება, მაგრამ აუცილებლად შესავსებია მარაგი. ისევ ფქვილმა თუ იარა, კიდევ რაიმე კატაკლიზმა რომ მოხდეს და ეს ერთთვიანიც აღარ გვექნეს, პირდაპირ ფასს დაარტყამს. ფიზიკური რისკიცაა, რომ შემოტანის გარეშე დავრჩეთ. ეს სისტემა მოგონილია იმისთვის, რომ იყოს მარაგები არა ხორბლად, არამედ ფქვილად“, – ეუბნება „რეგინფოს“ ლევან სილაგავა.

პურის მცხობელთა ასოციაციაში გვპასუხობენ, რომ ქვეყანაში ფქვილის სამყოფი მარაგია, ახლანდელი ვითარება კი პურის ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს. საქართველოს არც ფქვილის შეძენის პრობლემა აქვს, მათ შორის, რუსეთიდან, რადგან ამ ქვეყნიდან ფქვილს კერძო პირები ყიდულობენ, არა გადარიცხვებით, არამედ ნაღდი ანგარიშსწორებით.

რუსეთი საქართველოსთვის, თურქეთის შემდეგ, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ფინანსური წილი მთლიან იმპორტში 10%-მდეა, ხოლო იმპორტირებულ პროდუქციაში მე-3 ადგილზე ხორბალია.

ბოლო წლებში ქვეყანაში, საშუალოდ, 100 ათას ტონამდე ხორბალი იწარმოება. საქართველოსთვის ხორბლის და ფქვილის მთავარი მომწოდებელიც რუსეთია. მაგალითად, 2021 წელს ჩრდილოელი მეზობლისგან ქვეყანაში 337 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რაშიც 87 მილიონი დოლარი გადავიხადეთ. ეს მთლიანი იმპორტის 92%-ია. რუსეთის წილი კიდევ უფრო მაღალი, 99% იყო 2020 წელს.

საბაჟო გადასახადის დაწესების შედეგად, 2021 წელს რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შემცირდა, თუმცა ვიყიდეთ სამჯერ მეტი, 36.5 ტონა ფქვილი, რომელიც არ იბეგრება.

2009 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ერთი წელი იყო ისეთი, როდესაც ხორბლის იმპორტში რუსეთმა პირველობა დაკარგა – 2012 წელს მთავარი მომწოდებული ყაზახეთი გახდა. მას შემდეგ, საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ხორბლის წილი მიზერულია.

ლევან სილაგავა ფიქრობს, რომ საქართველოს ხორბლის სხვა ქვეყნებიდან შემოტანა არ გაუჭირდება: 

„სხვა ბაზრებზე გადავერთვებით. აზერბაიჯანის გავლით ყაზახეთიდან შეგვიძლია შემოტანა რკინიგზით, ასევე თურქეთიდან ფქვილის შემოტანა. არის რუმინეთის ალტერნატივაც, რომლის პორტიც საომარი მოქმედებებიდან მოშორებითაა“.

საქართველოს ეროვნული ბანკმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებიდან მალევე განმარტა, რომ ფინანასურ შეზღუდვებს გვერდს ვერ აუვლის. რუსულ „VTB ბანკს“ ქვეყანაში უკვე შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები, ბანკის აქტივები კი ჩინურმა „ბაზისბანკმა“ გადაიბარა.

„რუსულ საფინანსო სექტორზე დაწესებული ყველა სანქცია, პრაქტიკულად, განხორციელდება საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, ჩვენ დავაწესებთ თუ არა სანქციებს. ჯერჯერობით, SWIFT-ის გადარიცხვები შეეზღუდა მხოლოდ 5 მსხვილ ბანკს. ამ ბანკებში ვერც საქართველოდან და ვერც პირიქით თანხა ვერ გადაირიცხება. სხვა ბანკებში გადარიცხვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა მოცემულობა ყოველ საათში იცვლება, შესაძლებელია, რომ სანქციები კიდევ უფრო გაფართოვდეს და შეიზღუდოს მეტ ბანკთან კომუნიკაცია. რაც შეეხება სწრაფ გზავნილებს, დღეის მდგომარეობით, სწრაფი გზავნილების სისტემა არ არის შეზღუდული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რუსეთში მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები“, – უთხრა „რეგინფოს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტამა, ალექსანდრე ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციაში დარწმუნებულები არიან, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ბედი დიდწილადაა დამოკიდებული უკრაინაში რუსეთის წამოწყებულ ომზე, რადგან ორივე ქვეყანა საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორია: „საკმაოდ მტკივნეული შეიძლება იყოს ეს ვითარება, რომელსაც იმპორტ-ექსპორტზე გავლენა აუცილებლად ექნება – რა მოცულობის, ეს ჯერ არ ვიცით. თუმცა საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სხვა ბაზრებზე გადაეწყოს, ამის შესაძლებლობას ასოცირების ხელშეკრულებაც გვაძლევს“.

რუსულ საფინანასო სექტორზე დაწესებული სანქციების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს შეუწყვიტა წვდომა აქტივებზე. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემიდან გარიცხა 7 რუსული ბანკი. ყველაზე მსხვილ რუსულ ბანკს, „სბერბანკს“ აეკრძალა დოლარში ტრანზაქციები, „VTB ბანკს“ კი აქტივები დიდმა ბრიტანეთმაც გაუყინა. დასავლური სანქციები შეეხო სხვა ბანკებსაც, ესენია: „აკფა-ბანკი“, „გაზპრომბანკი“, „შავი ზღვის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი“, „მოსკოვის კრედიტბანკი“, „ბანკი ოტკრიტიე“, „IS ბანკი“ და სხვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]