weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რას ვყიდულობთ და ვყიდით უკრაინაში

18:37 სამშაბათი, 08 მარტი 2022

უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რომელიც ქვეყნის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, განსაკუთრებული განხილვის საგანი გახადა. მაშინ, როდესაც საქართველოს სუპერმარკეტები და მაღაზიები სავსეა რუსული პროდუქტით, საზოგადოების ნაწილი მათ შეძენაზე უარს ამბობს და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, უკრაინულ პროდუქციას ეძებს. 

„რეგინფო“ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, თუ როგორია საქართველო-უკრაინის სავაჭრო ურთიერთობა და რას ამბობს სტატისტიკა.

საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს უკრაინასთან, რომელიც ბოლო 20 წელია, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. საქართველო და უკრაინა თავისუფალ ვაჭრობაზე ჯერ კიდევ 1995 წელს შეთანხმდნენ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოს აქვს აზერბაინჯანთან, თურქეთთან, თურქმენეთთან, მოლდოვასთან, რუსეთთან, სომხეთთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთანაც.

იმპორტი - საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ საგრძნობი ზრდა 2003 წლიდან დაიწყო.

გასულ წელს უკრაინის წილი მთლიან იმპორტში 4.5%-მდე იყო, შემოსული საქონლის ღირებულება კი 451.8 მილიონი დოლარი.

ექსპორტი - 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, რამაც საქართველოდან ექსპორტის ტემპიც შეანელა. მდგომარეობა მხოლოდ 2017 წლის შემდეგ გამოსწორდა.

2021 წელს უკრაინაში გატანილი პროდუქციის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს, 307.3 მილიონ დოლარს მიაღწია და მთლიან ექსპორტში უკრაინის წილი 7.2%-მდე გაიზარდა.

ტურიზმი - უკრაინა საქართველოს ტურიზმშიც მნიშვნელოვანი აქტორია და საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით, სტაბილურად უჭირავს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია. მაგალითად, 2021 წელს საქართველოს 144.9 ათასი უკრაინელი ეწვია, რაც მეხუთე საუკეთესო მაჩვენებელია.

 

ფულადი გზავნილები - პირდაპირი ფულადი გზავნილები საქართველოსთვის ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამ გზით ბოლო 5 წელიწადში ქვეყანაში 8.9 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა.

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციასთან ერთად იზრდება გადმორიცხვებში უკრაინის წილიც. 2021 წელს უკრაინიდან საქართველოში 92.7 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც მეშვიდე საუკეთესო შედეგია. გასულ წელს უკრაინის წილმა მთლიან მოცულობაში 3.24% შეადგინა.

ომმა და დასავლეთის სანქციებმა უკვე შეაფერხა ვაჭრობა რუსეთთან და უკრაინასთან. დოლარსა და ევროში საბანკო გადარიცხვების შეზღუდვის გამო, რუსეთიდან ხორბლის შემოტანას ვეღარ ახერხებენ ქართველი იმპორტიორები.

ამ დრომდე საქართველოს მთავრობა დასავლური სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს დეკლარირებულად არ უერთდება და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს. 

პარალელურად, რუსეთმა საკუთარი ბაზარი ქართულ რძის მწარმოებლებს გაუხსნა და 15 კომპანიას ექპორტის უფლება მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა რუსეთის ამ ნაბიჯს „ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობა უწოდა“, საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს, რომ ამ შეთავაზების მიღებას არ აპირებენ. 

„რუსულ კომპანიებთან ბიზნეს საქმიანობა დამატებითი რესურსებით ამარაგებს თვით რუსეთს სასტიკი ომის გასაგრძელებლად, სწორედ ამიტომ, მიღებული მოგება მოკლული უკრაინელების სისხლითაა გაჟღენთილი“, - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული ბაზრის გახსნის გადაწყვეტილებას ასე პასუხობს და მიაჩნია, რომ სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა ქვეყანასთან, რომლის შეიარაღებული ძალები რაკეტებითა და ბომბებით ესხმიან თავს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს და კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს ბავშვების ჩათვლით, უკიდურესად მიუღებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]