როგორც დეპუტატმა თქვა, ამ საკითხზე სამსჯელოდ სახელმწიფო კომისია უნდა შეიქმნას. ინჯია მიიჩნევს, რომ რუსულ სისტემასთან მიერთება „ქვეყნას ფეხზე დააყენებს“ და გაამაგრებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს.
„თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება, ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, „Мир-ის“ სისტემას შევუერთდეთ? და ამითი ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს.
ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს და ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, შევინარჩუნოთ, და ხორბალი, რომელიც ორი თვის მარაგიაო, როგორც გავიგე, ოქროს ფასი არ დაგვიჯდეს და ის ნავთობი, რომლის 40% რუსეთიდან მოდის. გადავიდეთ და დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაც მოგება მივიღოთ ჩვენი ჭკუით და გაგებით“, – განაცხადა ინჯიამ.
დეპუტატის თქმით, ეს „სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაბიჯებია“.
„Мир“ რუსეთის ეროვნული გადახდის სისტემაა, რომლის ბაზაზე გაცემული საბანკო ბარათით მომსახურების თუ პროდუქტების საფასურის რუბლებით გადახდა და თანხის განაღდება რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ, ზოგიერთ ქვეყანაშია შესაძლებელი. „Мир“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ბარათები გამოიყენება თურქეთში, ვიეტნამში, უზბეკეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში და ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი).