weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

მთავრობა 1-წლიანი კულტურების მოყვანას და შემნახველ მეურნეობებს დაასუბსიდირებს

14:30 ორშაბათი, 21 მარტი 2022

მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ქვეყნის თვითუზრუნველყოფის გაზრდის მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, ფერმერებს საშუალება ექნებათ, ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად შეღავათიანი სესხი აიღონ.

„შეღავათიანი სესხის ფარგლებში ისინი დააფინანსებენ საბრუნავი სახსრებისთვის საჭირო ფულად რესურსებს, რეალურად ისეთი საჭიროებებისთვის, როგორიც არის სათესლე მასალები, საწვავი, ტექნიკის დაქირავება და სხვა ხარჯები. სახელმწიფო მოახდენს 9%-ის სუბსიდირებას ასეთი სესხის ფარგლებში“, – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრის განმარტებით, ბანკის მიერ გაცემული საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს: „ანუ ჩვენ მოვახდენთ საპროცენტო განაკვეთის მინიმუმ ნახევრის სუბსიდირებას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის იაფ ფულად რესურსზე წვდომას“.

ოთარ შამუგიას ინფორმაციით, მთავრობის მიერ მიღებული მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას ეხება და ითვალისწინებს სახელმწიფოს 80%-იანი თანადაფინანსებით ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნას.

„ფერმერებს, რომლებიც ბოსტნეულის კულტურებს აწარმოებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი და თუ ისინი დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც მთავრობის კონკრეტული დადგენილებით არის გაწერილი, ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან მიიღებენ თანადაფინანსებას გრანტის სახით მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენს ფერმერებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით შეინახონ მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი და მიაწოდონ ბაზარს პერიოდულად იმ პირობებით, რომელიც მათთვის იქნება უფრო მეტი სარგებლის მომტანი და შეინარჩუნონ პროდუქციის ხარისხი“, – განაცხადა შამუგიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]