weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარტში ზეთის ფასმა ისევ მოიმატა – რა პროგნოზები აქვთ იმპორტიორებს

17:34 სამშაბათი, 22 მარტი 2022

სასურსათო მაღაზიებში რუსეთიდან შემოტანილი მზესუმზირის ზეთი გაძვირდა. სხვადასხვა დასახელების ზეთზე ფასები 1 ლიტრზე 0,5 -1,5 ლარითაა გაზრდილი. დისტრიბუტორები ფასის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად რუსულ და საერთაშორისო ბაზარზე ზეთის გაძვირებას ასახელებენ.

მაგალითად, მზესუმზირის ზეთი „N1“, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტია, 3 მარტს, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში 5,45 ლარი ღირდა. იმავე მარკეტში დღეს მისი ფასი 6 ლარია. 1,5 ლარით გაძვირდა ამავე პერიოდში „ბარაქა“, „ოლეინა“ და „ივერია“.

საქართველოს ქსელურ სუპერმარკეტებში 20-მდე დასახელების მზესუმზირის ზეთს შეხვდებით. მათი 80%-ზე მეტი რუსული წარმოებისაა, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც ქართული დასახელება აქვს - „ბარაქა“ და „ივერია“ რუსეთში, სპეციალურად ქართული ბაზრისთვის იწარმოება, „ჩვენი სუფრა“ კი აზერბაიჯანიდან შემოდის.

„რეგინფომ“ ზეთის ფასები 22 მარტს რამდენიმე სუპერმარკეტში მოიკითხა: 

  • „N1“ - რუსული - 5,95 ლარი
  • „ჟარკოფ“ - რუსული - 5,9 ლარი
  • „ზალატოი კუშვინ“ - რუსული - 5,90 ლარი
  • „კოპლივა“ - რუსული - 6,35 ლარი
  • „სვეტლიცა“ - რუსული - 6,85 ლარი
  • „ბლაგო“ - რუსული - 6,99 ლარი
  • „ბარაქა“ - რუსული - 7,1 ლარი
  • „ოლეინა“ - რუსული - 7,25 ლარი
  • „ზლატო“ - რუსული - 7,95 ლარი
  • „კუბანსკოე“ - რუსული - 8,2 ლარი
  • „ივერია“ - რუსული - 8,5 ლარი
  • „იდეალი“ - რუსული - 8,55 ლარი
  • „ფინალი“ - აზერბაიჯანული - 8,65 ლარი
  • „ავედოვი“ - რუსული - 8,85 ლარი
  • „მოჯუზე“ - აზერბაიჯანული - 8,85
  • „ჩვენი სუფრა“ - აზერბაიჯანული - 9,25
  • „როზუმნიცია“ - უკრაინული - 9,55 ლარი
  • „სლობოდა“ - რუსული - 13,75 ლარი
  • „ქარვა“ - ქართული - 13,75 ლარი 

ამაზე მოქმედებს საწვავის გაზრდილი ფასიც, რაც ლოგისტიკის ხარჯებს ზრდის, უახლოეს მომავალში არაა მოსალოდნელი ფასების დასტაბილურება. ფასი თუ კიდევ შეიცვლება, ეს მხოლოდ ზრდა შეიძლება იყოს.

ზეთის იმპორტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, სტაბილურად ხდება იმპორტი ყველა ქვეყნიდან, საიდანაც შემოდიოდა, თუ არ ჩავთვლით უკრაინას, საიდანაც იმპორტი დროებით გაჩერებულია“, – ამბობს „რეგინფოსთან“ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.

ივა ჭყონია დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან იმპორტი შეფერხდება, საქართველო ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობას იოლად შეძლებს, თუმცა ეს პროდუქტის ფასს კიდევ უფრო გაზრდის, – „რამდენიმე ქვეყანას განვიხილავთ ალტერნატიულ ბაზრებად, ერთ-ერთი არის თურქეთი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იქნება 30-40%-ით უფრო ძვირი“.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში განმარტავენ, რომ რუსეთთან ვაჭრობის გაჩერების შემთხევვაშიც კი, საქართველოში მზესუმზირის ზეთის დეფიციტი გამორიცხულია.

საქართველოში ყოველწლიურად 40-55 მილიონი აშშ დილარის ღირებულების მზესუმზირის ზეთი შემოდის. 70%-ზე მეტი რუსეთიდან. ბოლო სამი წლის ზეთის იმპორტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ პროდუქტი წლიდან წლამდე ძვირდება.

მაგალითისთვის, საქართველოში 2019 წელს 48 ათას ტონა ზეთი 42 მლნ აშშ დოლარად შემოვიდა, 2020 წელს კი 50 ტონაში 50,2 მლნ დოლარი გადავიხადეთ. 2021 წელს ქვეყანაში ზეთის გაცილებით მცირე რაოდენობა - 35,2 ათასი ტონა შემოვიდა, თუმცა რეკორდულად გაიზარდა მასში გადახდილი თანხის მოცულობა და 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები, რუსეთის შემდეგ, უკრაინა და აზერბაიჯანია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის იანვრის მონაცემებით მხოლოდ 2022 წლის იანვარში, ჩრდილოელი მეზობლისგან საქართველოში 1 027 ტონა მზესუმზირის ზეთი შემოვიტანეთ, 95,3 ტონა უკრაინიდან, ხოლო დანარჩენი აზერბაიჯანიდან.

„ალტერნატიულ ბაზრებზე გაცილებით ძვირია, 20 დან 30%-მდე ძვირი დაჯდება. რუსეთმა გადასახადი რომ დაგვიწესა შარშან, რუსეთიდან მაინც იმაზე იაფი ჯდებოდა, ვიდრე ალტერნატიული ბაზრები, ამიტომ იძულებული ვიყავით მაინც წამოგვეღო იქიდან. ჩვენი სურვილი არაა მაინცდამაინც რუსეთის ბაზარი, უბრალოდ არ ექნება მოსახლეობას მსყიდველუნარიანობა, გაგიჟდება ხალხი 15 და 20 ლარი რომ ღირდეს ზეთი“ – გვეუბნება ივა ჭყონია.

მზესუმზირის ზეთის ფასზე ყველაზე მკვეთრი მატება 2021 წლის სექტემბერში დაფიქსირდა. მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიხედვით ზეთზე ფასი 2020 წლის სექტემბერთან შედარებით 39%-ით გაიზარდა და 2008 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის მიზეზი რუსეთსა და უკრაინაში ხორბლის დაბალი მოსავალი იყო. ამავე პერიოდში, რუსეთმა ზეთის საექსპორტო გადასახადი შემოიღო, რამაც საქართველოში იმპორტირებული ზეთის საცალო ფასზე დამატებით მოახდინა გავლენა.

რუსული გამოცემები იუწყებიან, რომ ქვეყანა აპრილიდან მცენარეული ზეთის ექსპორტზე გადასახადს გაზრდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]