weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

საწვავის ფასი საქართველოში რეკორდულ ნიშნულზეა

21:04 სამშაბათი, 22 მარტი 2022

22 მარტისთვის ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი სუპერის მარკის ბენზინის ფასი 3.89-4.00 ლარია, პრემიუმის - 3.85-3.89, რეგულარი კი 3.70-3.77ღირს. დიზელის ფასები 3.80-დან იწყება და 4.09-მდე ადის. შედარებით იაფად, 20-25 თეთრით ნაკლებად იყიდით საწვავს მცირე ავტოსადგურებზე. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საწვავი მთელ მსოფლიოში გაძვირდა. აშშ-ში ბენზინის და დიზელის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფასები იზრდება ევროპაში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში.

მკვეთრი ზრდა დაიწყო საქართველოშიც. სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან, დღემდე ფასებმა 20%-ზე მეტით მოიმატა და ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა.

საწვავის ფასის ზრდა არამხოლოდ იმათ ჯიბეზე აისახება, ვისაც ავტომანქანა ჰყავს და ბენზინს ან დიზელს ასხამს, არამედ თითქმის ყველა სხვა პროდუქტსაც აძვირებს.

ფასების ზრდის დინამიკა „ვისოლის“ ქსელში.

გაძვირების მიზეზები

„რეგინფომ“ ამ კითხვით ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს, ვანო მთვრალაშვილს მიმართა. ის ფასის ასეთ ზრდას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებასა და ლარის გაუფასურებას უკავშირებს. 

„ჩვენი ქვეყანა თავიდან ბოლომდე იმპორტზეა დამოკიდებული, შესაბამისად, იმპორტის განხორციელება გაძვირებული საერთაშორისო ფასებით ხდება. ომის დაწყებიდან დღემდე ბენზინის საერთაშორისო ფასი, დაახლოებით, 20%-ითაა გაზრდილი, დიზელის კი 42%-ით. სწორედ ამიტომ გასცდა დიზელის საწვავი 4 ლარს და ბოლო ერთ თვეში 80 თეთრით მოიმატა. ნავთობის ფასზე პირდაპირ მოქმედებს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მოლოდინები. რუსეთი ნავთობის მთავარი ექსპორტიორია. ბევრი ქვეყანა სანქციებს უწესებს და რუსულ ნავთობზე უარს ამბობს, შესაბამისად, მიწოდებაზე მოლოდინები შეიცვალა და ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ეს ნეგატიური შედეგები პირდაპირ უკავშირდება რუსეთიდან ექსპორტის შემცირებას. ომამდეც ნავთობზე მოთხოვნა უფრო დიდი იყო, ვიდრე მიწოდება, ახლა კი ეს ყველაფერიც დაემატა“, - გვეუბნება ვანო მთვრალაშვილი.

მარტის დასაწყისში ნედლი ნავთობის ფასები 2008 წლის კრიზისის შემდეგ პირველად გადასცდა ბარელზე 130 დოლარს. დღეს ნავთობის ფასები შემცირებულია - მაგალითად, Brent-ის ნედლი ნავთობის ღირებულება 115 დოლარამდეა, თუმცა საქართველოში საწვავის ფასზე, ჯერჯერობით, მხოლოდ გაძვირება აისახება და არა გაიაფება.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მსხვილი კომპანიები შექმნილ მდგომარეობას სათავისოდ და საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის იყენებენ - „არსებული ტენდენციები იძლევა იმის საშუალებას, რომ ფასებმა დაიწყოს კლება. ამის მაგალითია მცირე კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს ფასების შემცირება. მცირე კომპანიებმა თუ ეს მოახერხეს, დიდ კომპანიებს მითუმეტეს აქვთ ამის რესურსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ კომპანიები არ იყენებენ იმ ინსტრუმენეტებს, რომლებიც ფასის შესამცირებლად აქვთ ან არ ასახავენ ამას დროულად“, - ეუბნება „რეგინფოს“ ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ვანო მთვრალაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ კომპანიებს ფასის გაზრდა თვითონვე არ აწყობთ, რადგან გაზრდილი ფასი მოხმარებას ამცირებს - „მომხმარებელი ხდება უკმაყოფილო და გადალაგდება არაბრენდირებული კომპანიების საწვავზე, რომელიც ბევრად უფრო იაფია. მარტო ბრენდირებული ხომ არ არის? მომხმარებელს არჩევანი აქვს და სადაც უნდა იქ წავა. რატომ უნდა გაზარდოს ფასი? ამით საკუთარ თავს დაიზიანებენ და მომხმარებელი კონკურენტების საწვავზე გადავა“.

საიდან და რამდენი საწვავი შემოდის საქართველოში

საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 1.2 მილიარდ ტონა ნავთობსა და ნავთობროდუქტებს (ბენზინი და დიზელი) ყიდულობს, რაშიც 750 მილიონ დოლარამდე იხდის.

2021 წელს ქვეყანაში საწვავის იმპორტი წინა წელთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა. იმპორტი 4.8%-ით გაიზარდა 2019 წელთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც, რაც მოხმარების ზრდაზე მეტყველებს.

ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი რეგულარი ტიპის ბენზინია და ყველაზე მეტი რაოდენობითაც (64%) შემოდის იმპორტზე. შემდეგ მოდის პრემიუმი (34%) და სუპერი (2%).

საქართველოსთვის ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი რუსეთია.

მართალია, 2021 წლის მონაცემებით რუსეთი საწვავის იმპორტში მეორე ადგილზეა, თუმცა 2018-2020 წლებში პირველ ადგილს იკავებდა.

რუსეთიდან იმპორტმა საგრძნობი ზრდა 2013-14 წლების შემდეგ დაიწყო და ბოლო 5 წელში რუსეთის წილი მთლიან იმპორტში საშუალოდ 23%-მდეა.

 

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ საწვავის შემომტანებს მალე რუსული ბაზრის ჩანაცვლება მოუწევთ, - „ჯერჯერობით დაწესებულ სანქციებს საგრძნობი გავლენა არ აქვს, თუმცა პრობლემები უკვე ექმნებათ იმპორტიორებს და სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო შეექმნებათ, შესაბამისად, მოუწევთ ალტერნატიული ბაზრის მოძიება ბულგარეთში, რუმინეთში ან საბერძნეთში“.

დიდი ხუთეულის წარმომავლობა

საქართველოს ბაზარზე ნავთობროდუქტების 5 მსხვილი იმპორტიორი და რეალიზატორია, რომელთაგან ორის უკან რუსული კომპანიები დგანან.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“

საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმია“, რომლის 100%-იან წილს „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ფლობს. „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ქვეყანაში ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზით კომუნალური მომსახურების სფეროში 30-მდე კომპანიას ფლობს და მას აზერბაიჯანის მთავრობა აკონტროლებს.

2020 წლის ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავალი 600.9 მლნ იყო, აქტივები - 291.3 მლნ, წმინდა ზარალი კი 145.5 მლნ.

„გალფ ჯორჯია“

საქართველოში გალფს 2010 წლიდან „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს და მისი საბოლოო მაკონტროლებელია „პეტროკას ენერჯი ინთერნეშენალ ლიმიტედ“, რომლის 49%-ს რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft ფლობს, 38%-ს კი ქართველი მილიონერი დავით იაკობაშვილი. ბიზნესმენის საქმიანობაც ასევე რუსეთთანაა მჭიდროდ დაკავშირებული.

„პეტროკას ენერჯი ინთერნეშენალ ლიმიტედ“ საქართველოში „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიასაც“ ფლობს, რომელიც ქვეყანაში საავიაციო საწვავის რეალიზაციითაა დაკავებული.

2020 წელს „გალფ ჯორჯიას“ შემოსავალი 535.3 მლნ იყო, აქტივები - 229.4 მლნ, წმინდა მოგება კი 1.9 მლნ.

„რომპეტროლ საქართველო“

„რომპეტროლი“ საქართველოში 2005 წლიდან საქმიანობს. კომპანიის საბოლოო მფლობელია ყაზახეთის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Samruk-Kazyna.

2020 წელს კომპანიის შემოსავალი - 432 მლნ იყო, აქტივები - 146.4 მლნ, წმინდა ზარალი კი 7 მლნ.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ფლობს „ვისოლ ჯგუფი“, რომლის მესაკუთრეების სია შემდეგნაირია:

ლევან ფხაკაძე - 35.77%; სოსო ფხაკაძე - 30.98%; გიორგი რამიშვილი - 15.50%; ნუგზარ აბრამიშვილი - 8.25%; ალექსი თოფურია - 7.12%, დევიდ ბორგერი - 2.38%.

2020 წელს კომპანიის შემოსავალი 353.3 მლნ იყო, აქტივები - 225.4 მლნ, წმინდა მოგება კი 3 მლნ.

„ვისოლ ჯგუფის“ მფლობელობაშია სამი სახმელეთო ნავთობტერმინალიც, ხოლო შვილობილი ბრენდებია: „სმარტი“, „ვენდის საქართველო“, „დანკინი“, „ვიანორ ჯორჯია“, MP Development და „ალმა“.

„ლუკოილ ჯორჯია“

„ლუკოილ ჯორჯიას“ მფლობელი კომპანია რუსული PJSC Lukoil-ის ჯგუფის წევრია. კომპანიას მილიონობით ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული სახელმწიფოსთან და ხშირად იმარჯვებს ტენდერებშიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბოლო კვლევით, „ლუკოილ-ჯორჯიამ“ 2012-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 200 მლნ ლარამდე მიიღო. კერძოდ, ამ კომპანიამ ელექტრონული ტენდერებიდან 61 მლნ ლარამდე, გამარტივებული შესყიდვებიდან - 11 მლნ ლარამდე, ხოლო კონსოლიდირებული შესყიდვებიდან 129 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

2020 წელს კომპანიის შემოსავალი 239.3 მლნ იყო, აქტივები - 74.7 მლნ, წმინდა მოგება კი 1.2 მლნ.

რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველები ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ჩინეთი არიან. მსოფლიოშიც და საქართველოშიც საწვავის ფასის ცვლილება სამომავლოდაც საერთაშორისო პოლიტიკის მსხვილ მოთამაშეებზე იქნება დამოკიდებული. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. რუსეთიდან იმპორტი უკვე აკრძალა აშშ-მ, კანადამ და ავსტრალიამ. წლის ბოლომდე რუსული ნავთობი ბრიტანეთისკენ მიმავალ მილსადენებშიც შეწყდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]