weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„ენკამ“ ნამახვანჰესის ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა და ქონება ჩამოწერა

15:20 ხუთშაბათი, 24 მარტი 2022
ფოტო ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციიდან ფოტო ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციიდან

შპს „ენკა რინიუებლზმა“ (ENKA Renewables) ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა, დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ქონება კი ჩამოწერა.

ამის შესახებ ნათქვამია თურქული კომპანია Enka İnşaat-ის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში, რომელიც 2 მარტით თარიღდება. აღნიშნული კომპანია „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს.

„შვილობილმა კომპანიამ, შპს „ENKA Renewables“-მა გაწყვიტა ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განვითარების, მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს მთავრობასთან, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“, სს „ნამახვანთან“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება.

ხელშეკრულების გაწყვეტა განაპირობა საქართველოს მთავრობის დეფოლტმა და ფორს მაჟორმა. ვინაიდან პროექტის კაპიტალიზებული ქონება, დანადგარები და აღჭურვილობა შეუძლებელია გამოყენებული იქნეს, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 40 389 000 აშშ დოლარის წმინდა საბალანსო ღირებულების ძირითადი საშუალებები ჩამოიწერა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი ორ ჰესს მოიცავდა – ზემო ნამახვანი ჰესს, რომლის დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ იყო და ქვემო ნამახვანი ჰესს 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ეკონომიკის სამინისტრო აცხადებდა, რომ „ენკა რინიუებლზი“ პროექტის განსახორციელებლად 800 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიციას გააკეთებდა.

პროექტის განხორციელების წინააღმდეგ რიონის ხეობის მცხოვრებლები გამოვიდნენ. მათი პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდა და გაფართოვდა გასული წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობას ინვესტორი კომპანიისთვის 99 წლის ვადით, რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ჰქონდა გადაცემული. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები „ენკა რინიუებელზთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას აფასებდნენ როგორც კაბალურს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობას შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეწყობით, მედიაციაც შედგა, რომლის მიმდინარეობისას, 2021 წლის სექტემბერში „ენკამ“ განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა. ამის შემდეგაც საქართველოს მთავრობამ „ენკასთან“ მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მისი შედეგები ამ დრომდე უცნობია.

მიმდინარე წლის 23 მარტს, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ენკა რინიუებლზი“ ხეობას ტოვებს და საკუთარი ბაზების დემონტაჟს ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]