weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

მსოფლიო ბანკმა კახეთში მაგისტრალის მშენებლობისთვის $109 მილიონი გამოყო

19:54 ხუთშაბათი, 24 მარტი 2022
სებასტიან მოლინეუსი სებასტიან მოლინეუსი

მსოფლიო ბანკი საქართველოში კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტსა და ადამიანური კაპიტალის პროგრამას ჯამში 509 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

109 მილიონი დოლარით დაფინანსდება კახეთის რეგიონში მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანსპორტო ქსელთან კახეთის დაკავშირება და დედაქალაქამდე მგზავრობის დროის შემცირებაა.

პროექტი მოიცავს საგარეჯოსა და ბადიაურს შორის გზატკეცილის მშენებლობას, რომელიც თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მაგისტრალური დერეფნის ნაწილი იქნება და რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან დააკავშირებს.

მსოფლიო ბანკის თანახმად, კახეთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული ცენტრი, ღვინის უმნიშვნელოვანესი მწარმოებელი და ექსპორტიორია, რომელსაც განვითარების პოტენციალი აქვს. ამ პროექტის განხორციელებით კი რეგიონი სატვირთო გადაზიდვების გაზრდით და დედაქალაქთან უფრო მეტად უსაფრთხო და დროული გადაადგილებით მიიღებს სარგებელს.

პროექტმა წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესშიც, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მწარმოებლების შემოსავლის გაზრდას.

„მაღალი გამტარობის მაგისტრალები საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფირმებს ბაზრებზე წვდომას, ტურისტებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას, ხოლო მოსახლეობას ისეთ სერვისებზე წვდომას უმარტივებს, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება და სამუშაო ადგილები“, - თქვა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.

გზატკეცილი 17 კილომეტრის სიგრძის იქნება და 4 ზოლისგან შედგება. პროექტის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება. მსოფლიო ბანკის ინვესტიციით, მაგისტრალის პირველ სამ მონაკვეთს სახელმწიფო ააშენებს.

ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის მსოფლიო ბანკმა 400 მილიონი დოლარი დაამტკიცა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბანკმა მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტი გამოიყენა. პროგრამის მიზანი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაზრდა იქნება, განათლებაზე სამართლიანი და თანაბარი წვდომით, უკეთ ფოკუსირებული სოციალური დახმარებით, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.

ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას ჯანდაცვის, სოციალურ და დასაქმების სერვისებში. რეფორმებმა უნდა გააუმჯობესებს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სოციალური დახმარების დაფარვა და ამასთან, უკეთესად მოამზადოს და დააკავშიროს უმუშევარი პირები დასაქმების შესაძლებლობებთან.

პროგრამა მოიცავს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნასაც და ითვალისწინებს საქართველოს ვალდებულებას გლობალური კლიმატის ცვლილების დღის წესრიგთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]