weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საწვავზე ფასის შემცირებას 2-კვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ – ეკონომიკის მინისტრი

17:18 ოთხშაბათი, 30 მარტი 2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გარდა მსოფლიოში არ დარჩენილი ქვეყანა, სადაც საწვავზე ფასის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდა და ამ კუთხით გამონაკლისი არც საქართველოა.

„თუმცა აქ არ არის საწვავის ყველაზე მაღალი ფასი. უკვე იყო სხვადასხვა ექსპერტის მხრიდან განცხადებები, რომ საქართველოში საწვავის ფასი არის ზოგიერთ ქვეყანაზე, ძირითადად ნავთობმწარმოებელ ქვეყნებზე უფრო მაღალი, მაგრამ ასამდე ქვეყანაა, სადაც საქართველოზე მაღალი ფასი დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ეს დამაიმედებელი არ არის. ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებზე და ეკონომიკაზე ეს მძიმედ აისახება, იმიტომ, რომ ნავთობპროდუქტები ბევრი სხვადასხვა პროდუქტის ფასწარმოქმნაში მონაწილეობს“, – განაცხადა დავითაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მინისტრის თქმით, საწვავზე ფასის შემცირება მოსალოდნელია ორკვირიან პერსპექტივაში.

„ამ სიტუაციაში მთავარი ის არის, რომ უფრო მძიმე შედეგებს არ უნდა ველოდოთ. რეალურად, ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ ფასის შემცირებას. ბაზარს აქვს მოლოდინი, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ, დასტაბილურებისკენ უნდა წავიდეს და დაახლოებით, ომამდე მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, ხელისუფლებამ განიხილოს აქციზის გადასახადის გაუქმების, ან შემცირების საკითხი, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ გუნდში ასეთ დროს ყველაფერი განიხილება.

„აქციზის ფასი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ეფექტის მატარებელი ვერ იქნებოდა. იმიტომ, რომ გვესმის, ფასი რამხელაა – 3 ლარს გადასცდა და 4 ლარამდე ავიდა. 30-თეთრიანი აქციზი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ამ ფასწარმოქმნაში, რომელსაც შეიძლება, განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება უფრო იაფად შეძენილი საწვავის ბაზარზე გამოჩენას. რაც შეეხება გადასახადების გაუქმებას გარკვეული პირობებით, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ოფცია, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა მიმართავს. მათ შორის, ჩვენთანაც ეს შეიძლება, იყოს გაუქმება, შემცირება, ან გარკვეული მცოცავი, სხვადასხვა ტიპის ჰეჯირებული გადასახადი, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან სათუთ საკითხთან და ეს არის ფისკალური დისციპლინა, რომელიც ამ ქვეყანაში მოწესრიგებულია, გარკვეული რეჟიმი არსებობს და ამის ასე ხელყოფა ძალიან რთულია, რასაც შეიძლება, ჰქონდეს ძალიან ცუდი, გადამდები ეფექტი და იყოს საკმაოდ სახიფათო“, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

27 მარტს, თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში მოქალაქეებმა საწვავის გაძვირება გააპროტესტეს და აქციები გამართეს. თბილისში ადმინისტრაციული წესით 20 ადამიანი დააკავეს. მომდევნო დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აქციების უკან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]