„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25.8%-ია, ნაცვლად 30.6%-ისა, რომელიც ჰქონდათ.
გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, – განაცხადა აზარაშვილმა.
ტენდერში მხოლოდ „ლიბერთი ბანკი“ მონაწილეობდა. ის პენსიონერებს 2023 წლიდან შემდეგი 7 წლის განმავლობაში მოემსახურება.
„შემოვიდა ფასის კომპონენტი, ანუ გარდა იმისა, რომ გარკვეულ თანხას იხდის სახელმწიფო ამ გასაცემლების დარიგებაში, დაადგინეს ჭერი, რომლის ფარგლებშიც უნდა იყოს გაცემულ სესხებზე განაკვეთი. დღევანდელი ფასით რომ ვთქვათ, ეს მიბმულია ბანკთაშორის ექვსთვიან განაკვეთზე და პლიუს 15% შეიძლება იყოს მარჟა და ჯამში ეს გამოდის 26%-მდე. ბუნებრივია გარკვეულწილად შემცირება მოხდება“, – ამბობს „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი, ვაჟა მენაბდე.