weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფასთა ინდექსაციის წესი ბიზნესის მხარდასაჭერად დამტკიცდა - სონღულაშვილი

10:31 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

2021 წელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში შეინიშნებოდა ინფლაციის ზრდის პროცესი. უკრაინაში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა, სასურსათო და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ, ინფლაცია კიდევ უფრო გააღრმავა.

შექმნილი ვითარების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 27 აპრილს გამოსცა №753 განკარგულება - „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“. განკარგულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების ფარგლებში, დასაშვები ხდება თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება და სახელშეკრულებო ფასის კორექტირება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ცვლილების დაანგარიშება, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ დადგენილ სამშენებლო მასალების ფასების ინდექსს დაეფუძნება.

განკარგულებით დადგენილი წესით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება ფასთა ინდექსაცია და რა საფუძვლებით არის შესაძლებელი ფასთა ინდექსაციით თანხის განსაზღვრა/ანაზღაურება. სამუშაოების შესრულების პერიოდი, რა დროსაც ფასთა ინდექსაციის გამოყენება არის შესაძლებელი, არის მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში - 2022 წლის პირველი აპრილიდან შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები და მიმდინარე და 2022 წლის 1 მაისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები. ასევე, განსაზღვრულია თუ რა შემთხვევებზე არ ვრცელდება ფასთა ინდექსაცია.

როგორც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ინდექსაციის წესი, მსოფლიოში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესის მხარდასაჭერად დამტკიცდა.

„ეს მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ჯერ პანდემიის, შემდეგ კი ომის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, საჭირო გახდა ფასთა ინდექსაციის წესის დამტკიცება. ეს საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ პროექტების განხორციელებაში შეფერხება არ ჰქონდეთ და ამის გამო ბიზნესპროცესების განხორციელება არ შეწყდეს, შენარჩუნდეს აღებული ვალდებულებების შესრულების ვადები და დასაქმების პირობები,“ - აღნიშნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

განკარგულების შესაბამისად, ფასთა ინდექსაციის განსაზღვრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი, მისი ასიგნებების ფარგლებში. ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]