weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ

12:33 სამშაბათი, 31 მაისი 2022
გიორგი დიასამიძე გიორგი დიასამიძე

მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ქარხნებში დასაქმებულები დღეიდან, 31 მაისიდან გაიფიცნენ. ისინი ქარხნის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და დაშლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე IDS Borjomi Georgia მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

დღევანდელ გაფიცვას ის ადამიანებიც შეურთდნენ, ვინც კომპანიის მიერ შეთავაზებულ ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

„გაფიცულები ითხოვენ უკანონოდ გათავისუფლებული 50 დასაქმებულის სამსახურში აღდგენას, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნებას, უვადო ხელშეკრულებებს და სამსახურიდან იმ პირების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების გათავისუფლებას, ვინც იძულებაში, შანტაჟსა და მუქარაში არიან მხილებულნი. ასევე, გაფიცულები ითხოვენ ხელფასების ჩარიცხვას“, – განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ორივე ჩამომსხმელი ქარხანა პარალიზებულია.

დასაქმებულები გაფიცვამდე გენერალურ დირექტორთან, ყოფილ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მაჭავარიანი მათ არ შეხვდა.

კომპანია IDS Borjomi Georgia-მ აპრილში განაცხადა, რომ უკრინაში ომის დაწყებისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, იძულებულნი იყვნენ, მუშაობა გაეჩერებინათ. კომპანიამ დასაქმებულებს ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, რომელიც დასაქმებულებისთვის იძულებით მოცდენილი საათების არა 100%, არამედ 50%-ით ანაზღაურებას ითვალისწინებდა. ის 49 თანამშრომელი, რომელიც ახალ პირობებს არ დათანხმდა და ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

IDS Borjomi Georgia-მ 19 მაისს განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობას პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მფლობელებთან და კომპანიას ოპერირებაში „არავითარი პრობლემა“ აღარ ექნებოდა.

„ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მინდა, მათ მივმართო, პრობლემა იქნება ამოწურული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 21 მაისს.

IDS Borjomi Georgia საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის ნაწილია, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური და საინვესტიციო კონსორციუმის, Alfa Group-ის შემადგენლობაშია. Alfa Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია, რომლის წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]