weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გაფიცვა ბორჯომში: „ხელფასების გაზრდის მოთხოვნა წარმოების პროცესის დაზიანების მცდელობაა“

19:56 სამშაბათი, 31 მაისი 2022
ფოტოზე - მერაბ ახმეტელი ფოტოზე - მერაბ ახმეტელი

მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი, მერაბ ახმეტელი აცხადებს, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 25%-ით გაზრდის თაობაზე არარეალურია.

„არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი არარეალური მოთხოვნა და მიზანმიმართული მცდელობაა, რომ დაზიანდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოების პროცესი და დასაქმებული ადამიანები“, – აცხადებს მერაბ ახმეტელი.

ქარხნის დირექტორი აღნიშნავს, რომ „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში ამჟამად 630 ადამიანია დასაქმებული, აქციაში კი „თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი“ მონაწილეობს. ახმეტელი გაფიცულთა რაოდენობას არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც პროფკავშირების წარმომადგენლი, გიორგი დიასამიძე ამბობს, მათი რაოდენობა 400-ს შეადგენს.

„დღეს კომპანია ურთულეს ვითარებაშია: გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენაა. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან, საქართველოს ბაზარზე არ გვქონდეს წყვეტა, ჩვენს ხელთ არსებული მცირედი რესურსით, და მინიმალური დატვირთვით დავიწყეთ წარმოების პროცესი.

გვინდა მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ თანამშრომლების იმ ნაწილს, ვინც მზადაა განახლებულ მენეჯმენტთან ერთად იბრძოლოს ამ კომპანიის გადასარჩენად.

ჩვენ ამ ურთულეს პირობებშიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 95% შევინარჩუნეთ, ასევე, უცვლელი დავტოვეთ სახელფასო განაკვეთი. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია“, – ამბობს მერაბ ახმეტელი.

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. მათ შორის ისინიც არიან, ვინც კომპანიის მიერ შეთავაზებულ ახალ შრომით ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს.

„აბსოლუტურად ყველა დასაქმებული, ვინც ქარხანას ამუშავებს, გაფიცულია. მათი უპირველესი მოთხოვნაა უკანონოდ გათავისუფლებული 50 დასაქმებულის სამსახურში აღდგენა. მეორე საკითხია – ძველ შრომით ხელშეკრულებებზე დაბრუნება, მესამე – იძულების, შანტაჟის, მუქარის შეწყვეტა და ამ პროცესში მონაწილე პირების გათავისუფლება თანამდებობიდან. ამ მესამე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეთანხმება არ შედგება“, – განაცხადა დიასამიძემ.

მისივე თქმით, გაფიცულები დასაქმებულთა ნაწილისთვის კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვასაც ითხოვენ.

„კომპანია აცხადებს „შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე...“. მინდა განვმარტო, რომ

ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში „IDS ბორჯომი საქართველო“ დასაქმებულებს დიდი დატვირთვით ამუშავებდა. მათ შექმნეს ძალიან დიდი მარაგი და ამ მარაგის გამოყენებით ცდილობენ, საზოგადოებას თვალი აუხვიონ, თითქოს ვერ მუშაობენ და ფინანსური პრობლემები აქვთ.

50 ადამიანია გათავისუფლებული. ვინ არიან ისინი? - მუშები, მტვირთავები, სატვირთოს მძღოლი და ა.შ. მათგან არცერთი არაა ადმინისტრაციის თანამშრომელი“, – განაცხადა დიასამიძემ.

„IDS ბორჯომი საქართველო“ საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის ნაწილია, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური და საინვესტიციო კონსორციუმის, Alfa Group-ის შემადგენლობაშია. Alfa Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია, რომლის წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესა.

29 აპრილს კომპანიამ განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. კერძოდ, მათი განმარტებით, ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა ჩაუკეტა.

„IDS ბორჯომი საქართველომ“ 19 მაისს განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობას პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მფლობელებთან და „ბორჯომს“ ოპერირებაში „არავითარი პრობლემა“ აღარ ექნებოდა.

 

ამ თემაზე:

„ბორჯომის“ 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]