weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახელმწიფოს „ბორჯომის“ აქციების 7.73% გადაეცემა

17:55 ორშაბათი, 13 ივნისი 2022

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია RISSA INVESTMENTS LIMITED-ი, რომელიც IDS Borjomi International-ს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აქციების 7.73% გადასცემს უსასყიდლოდ. როგორც დავითაშვილმა განმარტა, სახელმწიფო იქნება დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და მის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

გარიგებას ხელი ხვალ მოეწერება. დეტალებზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ორი დოკუმენტისგან შემდგარ გარიგებას ვდებთ: პირველი ეს არის კომპანია Erasmony Limited-ის საკუთრებაში RISSA INVESTMENTS LIMITED-ის 7.73% ჩვეულებრივი ხმის უფლების მქონე აციების სახელმწიფოზე უსასყიდლოდ გადმოცემა. RISSA INVESTMENTS LIMITED „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანიაა. 1104 აქცია უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს სახელმწიფოს.

მეორე გარიგების მიხედვით, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორებს შორის. აქედან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო დირექტორთა საბჭოში წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორითა და ერთი დამკვირვებელი დირექტორით.

შემდგომში კომპანიის აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება:

  • Erasmony Limited-ი RISSA INVESTMENTS LIMITED-ში იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი სანქცირებული იყო და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია RISSA INVESTMENTS LIMITED-ში, რომელიც კომპანია „ბორჯომს“ ფლობს;
  • მეორე მსხვილი აქციონერი Black Waters Limited-ი, რომელსაც გააჩია აქციების 38.48%;
  • ძალიან მცირე წილი აქვს, მინორიტარი აქციონერები ჰყავს კომპანიას - ეს არიან „ბორჯომის“ ყოფილი თანამშრომლი და სხვადასხვა აქციონერები, რომლებიც ჯამში 3.79%-ს ფლობენ.

მმართველობაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ამავე დროს მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელიც იქნება. მას ექნება წარმმართველი როლი, ანუ ორი დირექტორი ეყოლება Erasmony Limited-ს, ორი – მეორე მსხვილ აქციონერს, Black Waters Limited-ს და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწვეტი ხმის უფლების მქონეა, არის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია. შესაძლებელია არასანქცირებული აქციონერების ჯგუფმა მმართველობის დელეგირება საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე მოახდინონ (ესეც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული) და სახელმწიფომ სრულად შეძლოს კომპანიის მმართველობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესი 1 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.

„ასეთი გარიგების შემთხვევაში, კომპანია სრულფასოვნად შეძლებს ფუნქციონირებას, საერთაშორისო გადარიცხვებში მონაწილეობას და საბანკო პროეუქტებით სარგებლობას. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან და საელჩოებთან.

„სრულფასოვანი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში, რა დროც მოგვეცა იმისთვის, რომ კომპანია გადაგვერჩინა, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ასევე, ვუპასუხოთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, რომელიც, სამწუხაროდ, საკმაოდ დაზიანდა სანქციების შემოღების დაწყებიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს რთული შესაფასებელია, რა ღირს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული წილი: „ეს შეიძლება... ომის დაწყებამდე მილიარდზე მეტი ღირდა კომპანია, სხვადასხვა შეფასებით. დღეს შეიძლება ნაკლები ღირს. შეიძლება პერსპექტივაში, სრულფასოვნად რომ აღიდგინოს მუშაობა, კიდევ უფრო ძვირი ღირდეს. ჩვენი წილი არის 7.73%, რაც მთლიანი აქციების 7.73%-ია, ხოლო ხმის უფლების აქციებთან მიმართებაში, ჩვენი წილი გამოდის 8.36%. კომპანია ორი ტიპის აქციები გააჩნია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]