საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური სამდივნოს დირექციის დირექტორის ლევან კუპატაშვილის განცხადებით, შესათანხმებელი მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა.
„კონტრაქტორმა კომპანიამ, რომელმაც საპროექტო სამუშაოები შეასრულა, პანკისიდან თუშეთის მიმართულებით გზის მშენებლობის რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზა. ჩვენ საბოლოოდ ერთ მიმართულებაზე შევთანხმდით, რომელიც გზის გაყვანას ითვალისწინებს პანკისი–ხადორი–შავწყალას მიმართულებით. გზა შეუყვება ხადორჰესის მხარეს ხეობაში და ზემოთ, 15 კილომეტრში გვაქვს გამყოფი. ვაზუსტებთ, გამყოფის შემდეგ ჯერ შემოსავლელი გზა გავაკეთოთ მთაზე და პარალელურ რეჟიმში გვირაბის მშენებლობა დავიწყოთ, თუ პირდაპირ მხოლოდ ერთ ვარიანტზე ვიფიქროთ. ტენდერი თუშეთის გზის მშენებლობაზე მიმდინარე წელს გამოცხადდება და გაზაფხულიდან სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს“, – აღნიშნა ლევან კუპატაშვილმა.
პანკისი–თუშეთის ახალი გზის მშენებლობა ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთის შემაერთებელი გზის პროექტის ნაწილია. მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი და მისი მშენებლობა, წინასწარი გათვლებით, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს.