weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

იაფ რუსულ ენერგიაზე პოლიტიკური მიზეზებით უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვს – ნარმანია

15:06 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ელექტროენერგიაზე უარი თქვას, თუმცა, თუ რუსეთიდან ელექტროენერგიას ვერ მივიღებთ, „ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ დაემუქრება“.

ნარმანიას თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება, ვინაიდან მოხმარება ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული საკმაოდ წყალუხვი იყო და ეს ტენდენცია შენარჩუნდა ზაფხულის დასაწყისშიც, ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და ნამეტი ენერგიაც რჩება. შესაბამისად, ხორციელდება ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება უახლოეს პერიოდშიც, რადგან წყალუხვობა ნარჩუნდება და გარდა ამისა, ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომელთაც შეუძლიათ წყლის დაგროვება, მოცულობითი წლის რესურსი დააგროვეს, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეტაპობრივად გამოიმუშაონ ელექტროენერგია და მიაწოდონ ბაზარს.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ იმპორტი გვაქვს სამი ქვეყნიდან. ეს არის რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. თვეებისა და პერიოდების მიხედვით განსხვავებულია მოცულობებიც და ქვეყნებიც. დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან რა ფასად არის შესაძლებელი ელექტროენერიის იმპორტი. როგორც წესი, არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე დიდი ზეწოლა არ იყოს“, – განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, რატომ ვერ ამბობს საქართველო რუსულ ენერგიაზე უარს, ნარმანიამ უპასუხა:

„გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას იმიტომ, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია.

ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდან, ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან და მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი.

თუმცა, თუ, ვთქვათ, რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დადგინდება ან რამე ასეთი შემაფერხებელი ფაქტორი იქნება - ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ დაემუქრება იმიტომ, რომ ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროები არსებობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, თუ სანქცირებულთა წრე გაფართოვდება და რუსული „ინტერ რაოს“ ჯგუფი და მისი შვილობილი „თელასი“ და „თელმიკო“ სანქცირებულთა სიაში მოხვდებიან, ეს ელექტროენერგიის მოწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი გარემოება ვერ იქნება.

„მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთ მთავარი როლი, დანიშნულება და ფუნქცია არის ის, რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები. ასე რომ, პრაქტიკულად ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს. პარალელი გაავლეს „ბორჯომის“ ქეისთან. ეს განსხვავებული იქნება, რადგან „ბორჯომი“ არის თავისუფალ ბაზარზე არარეგულირებადი კომპანია, მაშინ, როცა „თელასის“ და სხვა კომპანიების საქმიანობას მარეგულირებელი კომისია არეგულირებს. ამდენად, აქ ცოტა სხვა ტიპის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]