weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სპირტის ექსპორტი კრიზისშია, თეთრი ყურძენზე სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელი იქნება – მეხუზლა

12:38 შაბათი, 02 ივლისი 2022

მთავრობა 2022 წლის რთველის სუბსიდირების ფორმაზე ჯერ არ შეთანხმებულა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.

„საექსპორტო ღვინო ძირითადად არის წითელი ღვინო - ეს არის წითელი ყურძენი, საფერავი. აქედან გამომდინარე, ყველანაირად ვეცდებით და გვაქვს მოლოდინი, რომ, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე წელი, წითელი ღვინის კომპონენტში არ ჩავერიოთ და იყოს სრულიად თავისუფალი ბაზარი და მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებდეს თამაშის წესებს.

იქიდან გამომდინარე, რომ სასპირტე მიმართულება საკმაოდ მძიმე კრიზისშია, ბაზრებიდან და ექსპორტის კლებიდან გამომდინარე, თეთრი ყურძენზე, ვფიქრობ აუცილებლად დაგვჭირდება რაიმე სახით სახელმწიფოს ჩარევა - ჭარბი მოსავლის გადამუშავება, გარკვეულწილად სუბსიდირება, შესაძლებელია რაღაც კომპლექსური ქმედებები შევიმუშაოთ“, – განაცხადა მეხუზლამ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში ომის დაწყებამდე, სააგენტოში ფიქრობდნენ, რომ სუბსიდია არ იქნებოდა საჭირო.

„მაგრამ მარტში მოხდა ის, რაც მოხდა და თეთრი ყურძნის კომპონენტი ისევ მოწყვლადი გახდა... ღვინის ექსპორტის მიმართულებით, როგორც ჩანს, მეტნაკლებად სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება - ვგულისხმობს ან შარშანდელი მდგომარეობის გამეორებას, ან მცირე კლებას.

ბევრად სავალალოა მდგომარობა ყურძნისეული წარმოშობის სპირტის და ბრენდის, ანუ მაგარი ალკოჰოლური სასმელის მიმართულებით, რომელსაც, პრინციპში, არასდროს განვიხილავდით როგორც სტრატეგიულ პროდუქტს - ღვინის თანმდევი პროდუქტი იყო და მისი დივერსიფიცირება, ფაქტობრივად არც ხდებოდა. ეს პროდუქცია ფაქტობრივად მთლიანად გადიოდა ყოფილ დსთ-ს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით უკრაინასა და რუსეთში.

ამიტომ, ალბათ არასტანდარტული და გამოწვევებით წელი გვექნება“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2021 წელს ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 400 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც, როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარის წილი 57% იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]