weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე გაგზავნილმა 18-მა ქართველმა დამსაქმებელს დავა მოუგო

10:57 სამშაბათი, 05 ივლისი 2022

გერმანიაში, შარშან, სეზონურ სამუშაოზე გაგზავნილმა საქართველოს 18-მა მოქალაქემ გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგო. მარწყვის ფერმის მფლობელს თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება დაეკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა, რომელიც გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობდა.

„გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებს გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არცერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია. საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, იგი ნამუშევარს 3 მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა“, – აცხადებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში.

მარწყვის ფერმაში დასაქმებულებმა გერმანიის სასამართლოს მიმართეს. პროფკავშირების ინფორმაციით, დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად, თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს, თუმცა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა.

„სასამართლომ გაიზიარა ქართველი სეზონური მუშების მოთხოვნები, დარწმუნდა, რომ ქართველებს ჩასვლისთანავე სურდათ სრული დატვირთვით მუშაობის დაწყება, რისი საშუალებაც დამსაქმებელმა არ მისცა და ამყოფებდა იძულებითი მოცდენის პირობებში. დადგინდა, რომ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით განსაზღვრულზე უფრო ნაკლები ოდენობით ანაზღაურებას, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ბათილია“, – აცხადებენ პროფკავშირებში.

სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება – 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო 01 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის -909 ევროს ოდენობით.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება სეზონური მუშების ინტერესებს ქართულ სასამართლოშიც იცავს. იურისტ თამილა გაბაიძის განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სეზონურ მუშებს მორალური ზიანის და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]