„ამ წყლის რესურსების ინვესტორი და მფლობელი იყო კერძო პირი. რამდენიმე თვის წინ გამოვისყიდეთ და მთავრობა, სახელმწიფო გახდა ოფიციალურად ამ წყლის მფლობელი და სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით.
მეორე, მთავარი საკითხი არის გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა არის დასრულებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან რამდენიმე არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი და ეს ყველაფერი ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ამიტომ, ახლა ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ჩვენი, მმართველი პარტიის, ჩვენი გუნდის დაპირებაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობას გასაყიდად გააქვს 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მილიონი ლარია. მთავრობის მოლოდინია, რომ წყალტუბოს აღსადგენად 500 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირება მოახდინოს იმისათვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში - იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, თუ სხვა.
წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, 2019 წელს წყალტუბოს მხოლოდ 25 ათასი ვიზიტორი ეწვია და მთავრობის ვარაუდით, ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება.
„ეს ყველაფერი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე, მთლიანი რეგიონის ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. კერძო სექტორისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად“, – თქვა ღარიბაშვილმა.
მთავრობა შემდეგი ობიექტების გაყიდვას აპირებს: ყოფილი სასტუმრო „წყალტუბო“, ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“, ყოფილი სანატორიუმი „ფილიალი“, ყოფილი სანატორიუმი „აია“, ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“, ყოფილი სანატორიუმი „თბილისი“, ყოფილი სანატორიუმი „გელათი“, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“, ყოფილი სანატორიუმი „გეოლოგი“, ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“, ყოფილი სანატორიუმი „სამგურალი“, ყოფილი სანატორიუმი „უშიშროება“, ყოფილი სანატორიუმი „სავანე“ და ყოფილი სანატორიუმი „მედეა“.
ამ თემაზე ნახეთ „მთის ამბების“ სპეციალური რეპორტაჟი
რატომ ვერ აყვავდა კურორტი წყალტუბო