„გასულ წელს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრა გარკვეული პრინციპები, თუ როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურებში შრომის ანაზღაურების ნაწილი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას დაევალა, საქართველოს პარლამენტისთვის წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საჯარო სამსახურებში ხელფასების მოწესრიგება და ეს გარკვეულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
მთავრობიდ დღევანდელ სხდომაზე გვქონდა მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დღეს განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის დარეგულირება უკვე გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი და ეს მიმართულებები არის შემდეგი:
- 2026 წლის 1-ლი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულადაც ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში არასახელმწიფო სექტორში გაიზრდება საშუალო ხელფასი.
- 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი - ანუ განისაზღვრა ის დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც უნდა იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით.
რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად დღევანდელი მოცემულობით გვაქვს სიტუაცია, როდესაც საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით, დაახლოებით, 74%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი იცვლებოდა და იყო 93-94%-იც, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74%-მდე.
ეს კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, 2026 წლამდე, საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა გაიზრდება დაახლოებით, 10%-ით ყოველწლიურად, იმისთვის, რომ მიღწეული იქნას ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა - ეს დიაპაზონი უნდა იყოს დაახლოებით 80-დან 90%-მდე დიაპაზონში კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასისა, რაც შინაარსობრივად ნიშნავს იმას, რომ 2023, 2024, 2025 წლებში, საჯარო სექტორში საბაზისო ხელფასი უნდა გაიზარდოს დაახლოებით 10%-ით ყოველწლიურად“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, აღნიშნული პარამეტრები განხილული იქნება კანონმდებლობის დონეზე, როდესაც წარდგენილი იქნება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი.