weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ევროპელი ლიდერები გაოცებულები არიან, საქართველოს ეკონომიკური ზრდით – პრემიერი

16:40 პარასკევი, 29 ივლისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან საქართველოში დაფიქსირებული „ძლიერი ეკონომიკური ზრდით“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა მესტიაში, სადაც „სვანეთობის“ სახალხო დღესასწაულის აღნიშნვას დაესწრო.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, თქვენ კარგად მოგეხსნებათ, როგორი მძიმე ვითარებაა დღეს მსოფლიოში - მთელს მსოფლიოში, არათუ ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, პანდემიის დროს გლობალური ეკონომიკა შემცირდა, ქვეყნების ეკონომიკებმა განიცადეს უკუსვლა და ასევე ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა, მაგრამ გასულ წელს, ჩვენს მიერ გადადგმული საკმაოდ გაბედული, გააზრებული, გონივრული ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ზრდა მივიღეთ - 10.8%-ის ზრდა მივიღეთ შარშან. წელს პანდემია თითქმის დასრულდა, შეიძლება ითქვას, რომ აღარ  არის ისეთი გამოწვევა, მაგრამ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის - ომი უკრაინაში, არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება. ევროპაში ელოდებიან რეცესიას. ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით. ინფლაცია გამოწვევაა მთელს ევროპასა და მსოფლიოში, შეიძლება ასე ითქვას. ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ინფლაცია და არავითარი ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება სხვა ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ პირველ ექვს თვეში, ივნისის ჩათვლით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

10.5% არის ეკონომიკური ზრდა. რომ იტყვიან, ეს დიდი გამონაკლისია დღეს მსოფლიოში. მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და ძალიან გაოცებულები არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს და „ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში“.

„ბიზნესი ძალიან გააქტიურებულია, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება, ათასობით სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავაძლიერებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]