weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუსეთთან სავიზო რეჟიმი ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს დააზარალებს – დავითაშვილი

17:06 ორშაბათი, 08 აგვისტო 2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ცდილობენ ტურიზმის სექტორში არსებულ დადებით ტენდენციებზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინონ და ამით ძალიან ბევრი მოქალაქის მდგომარეობა გააუარესონ.

„ის აჟიოტაჟი და ალბათ ცრუ წარმოდგენების შექმნა, რომ ჩვენთან, საქართველოში არის გადაჭარბებული რაოდენობა ტურისტების, გარკვეულწილად არის ვნება, დაზიანება იმ ტენდენციების, რომელიც გვაქვს. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ, მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით მოახერხა კარგი შედეგების მიღწევა. შემოსავალში გვაქვს 80.6% აღდგენა. წლის დასაწყისიდან დღემდე დახლოებით მილიარდ სამასი მილიონი დოლარის შემოსავალია და ეს ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეზე თითქმის თანაბრად ნაწილდება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ტურიზმი ძალიან დიდი პრიორიტეტია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში, 2019 წელთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. ასევე შემცირებულია ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან.

„ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გარკვეული ალტერნატივები შევქმნათ, ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდეს, დანაკარგების კომპენსირება მოვახდინოთ და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ ტურისტები იმისთვის, რომ ტურიზმში დადებითი დინამიკა გვქონდეს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

შეკითხვას, თვლის თუ არა საჭიროდ რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, მინისტრმა უპასუხა, რომ ამ მოთხოვნას მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად აყენებენ.

„მე თვითონ ვნახე კადრები, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლისკენ და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე. შეუთავსებელი რაღაცებია. იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას მხოლოდ იმისთვის... მოუწოდებენ ხალხს, რომ ასეთი აზრი ჩამოაყალიბონ, რომ დაზიანდეს ჩვენი ტურისტული სექტორი, რაც იდეაში, დააზარალებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის გამო პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ნაწილი რუსეთთან ცალმხრივად არსებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ. პარტია „ლელოს“ სამპუნქტიანი ინიციატივის მიხედვით, რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი და ასევე, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.

მმართველი პარტიის ლიდერები რუსეთის მოქალაქეების მიმართ „აგორებულ ქსენოფობიურ კამპანიაზე“ საუბრობენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის შეცვლა ირაციონალურია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]