weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2022

რუსეთზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის და გაზის ნაწილში არ გვაქვს – ნარმანია

16:51 ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2022

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთზე ენერგეტიკულად დამოკიდებული არ არის.

„ხშირად ხდება ხოლმე მანიპულაციის საგანი, რომ საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული ენერგეტიკულად. ამ საკითხის უფრო მკაფიოდ განმარტებისთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ ქვეყანას საიდან შემოაქვს ელექტროენერგია კონკრეტული თვის განმავლობაში დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყანა შესთავაზებს უფრო იაფად. როგორც წესი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში. ხან ერთი ქვეყნიდან, ხან მეორე ქვეყნიდან, გააჩნია რომელ ქვეყანას რა პერიოდში, რა ფასის შეთავაზება შეუძლია. სახელმწიფო ელექტროსისტემა აკეთებს ფასთა გამოკითხვას და შემდეგ უკვე კონკრეტული ხაზების გამტარუნარიანობის შესაძლებლობების ფარგლებში შემოაქვს ელექტროენერგია. ამდენად,

ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას – როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში. ელექტროენერგიის ნაწილში შესაძლებლობა გვაქვს ელექტროენერგია როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე თურქეთიდან შემოვიტანიოთ.

ბუნებრივი აირის 90%-ზე მეტი წლიდან წლამდე, ყოველთვის შემოდის აზერბაიჯანიდან. ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან, რაც, ერთი მხრივ, გაზსადენის წნევების რეგულირებისთვის საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტია და მეორე მხრივ, საქართველო სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზიდან გარკვეულ სარგებელს იღებს, ანუ ეს არის ე.წ. სატრანზიტო გაზი. ამდენად, რუსეთზე დამოკიდებულება როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის ნაწილში არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, წელს საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის საკმადო მაღალი მაჩვენებელი გავიდა ექსპორტზე, რომელიც ძირითადად თურქეთსა და სომხეთში ხორციელდება.

„კარგი ჰიდროლოგიიდან, ანუ კარგი წყალმოდინებიდან, უხვი ნალექებიდან გამომდინარე ჩვენმა ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს იმაზე გაცილებით მეტი ელექტროენერგია, ვიდრე წინა წლებში ხდებოდა.

მაის-ივნისში ელექტროენერგიის რეკორდული მაჩვენებელი გავიდა ექსპორტზე და ეს ის წელია, როდესაც წყალი პრაქტიკულად არ დაღვრილა ჰიდროელექტროსადგურებიდან. რაც კი გამომუშავდა, ექსპორტზე გავიდა.

ახლა უკვე, ეტაპობრივად დეფიციტური თვეები მოდის, როცა იმპორტის ხდება საჭირო, რადგან მარეგულირებელი ჰესები თავიანთ რეზერვუარებში დაგროვილ წყალს ნელ-ნელა იყენებენ და ეს მარაგი იწურება. შემოდგომიდან მოხმარება გაიზრდება - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჩვენთან განსაკუთრებით მაღალია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ პერიოდში ჩვენი ელექტროენერგეტიკული ბაზარი დეფიციტურია, რის გამოც ხდება იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან“, – განაცხადა ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]