ვიზიტორების სიმრავლით ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამოირჩევა, რომელსაც მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტი, 160 259 ტურისტი სტუმრობდა. აქედან, განსაკუთრებით ბევრი, 73 523 სტუმარი ბაღმა აგვისტოში მიიღო. 8 თვის მონაცემებით კი, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 198 259 ვიზიტორი იმყოფებოდა.
ბათუმის დელფინარიუმს ზაფხულში 143 885 (+14%) ვიზიტორი სტუმრობდა. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით დატვირთული იყო აგვისტო - 71 853 ვიზიტორი. ჯამში, 2017 წლის 8 თვის მონაცემებით დელფინების შოუს 158 894 ვიზიტორი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ დელფინების შოუ ივლისსა და აგვისტოში დღეში სამჯერ იმართებოდა.
ზაფხულში 22%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო-აფსაროსის ციხესაც. ივნის-აგვისტოში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 49 886 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 8 თვის მონაცამებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ის 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 59 073 ადამიანს შეადგენს.
ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა ბათუმის საბაგიროზეც. ივნის-აგვისტოში, საბაგიროს სერვისით 190 343-მა ვიზიტორმა ისარგებლა. 8 თვის მონაცემებით კი საბაგიროს 214 602 (+12%) ვიზიტორი სტუმრობდა.
მიმდინარე წლის ზაფხულში 28 047 (+20%) ვიზიტორი სტუმრობდა მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით უცხოელ ტურისტებს შორის სარგებლობს. 31%-ით არის გაზრდილი 8 თვის მონაცემებიც, რაც 35 571 სტუმარს უდრის.