weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამეგრელოში მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გაიხსნა

13:12 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

სამეგრელოში, სოფელ მუხურში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გაიხსნა. პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მუხურის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა უნიკალური პროექტია და ემსახურება კავკასიური რუხი ფუტკრის ჯიშის აღდგენას და პოპულარიზაციას. ბაზა ორი ლაბორატორიის, საოფისე და დამხმარე შენობა-ნაგებობისგან შედგება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მუხურის მეფუტკრეობის ექსპერიმენტული ბაზა დარგის განვითარების ხელშემწყობი უმნიშვნელოვანესი ცენტრია.

„ბაზაზე განთავსებულია სასელექციო და სანაშენე მეურნეობა, სადაც შესაძლებელია ხალასი ქართული ფუტკრის ჯიშის გამოყვანა, სელექცია და მაღალპროდუქტიული ჯიშის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გახლავთ უნიკალური გენოფონდი, რომელიც დაკარგვის პირას იყო და რომლის აღდგენა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეძლო. ახლა კი მნიშვნელოვანია ბაზაზე დაინერგოს ის მეთოდები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად გავამრავლოთ და შემდგომ ამ ახალი ჯიშის პრაქტიკულ გამოყენებაში დაბრუნება შევძლოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ბაზის გახსნის ღონისძიებაზე.

როგორც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, უძველესი ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელდა. მისივე თქმით, სამომავლოდ იგეგმება ფუტკრის გურული და სხვა ქართული პოპულაციების აღდგენაც, რაც მეფუტკრეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუხურის ბაზაზე სისტემატურად მოეწყობა ღია კარის და სადემონსტრაციო დღეები. სწავლებას გაივლიან როგორც ფერმერები, ასევე მეფუტკრეობით დაინტერესებული პირები. სემინარები გაიმართება ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ, სადაც მონაწილეები გაეცნობიან იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაკავშირებულია როგორც ხელოვნურ განაყოფიერებასთან, ასევე, ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]