weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის გაუფასურება დროებითია

10:23 პარასკევი, 03 ნოემბერი 2017

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბანკის განმარტებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია.

ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია. მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა.

წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და დარჩენილ პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხრიდან რაიმე უარყოფითი გავლენა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მთავრობის მიმდინარე სახაზინო ოპერაციები ან ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის რეგულარული ოპერაციები არ ახდენს გავლენას კურსის დინამიკაზე.

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე, გაზარდა რა უცხოური ვალუტის მოთხოვნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს“.

3 ნოემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6297 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6106 ლარი იყო. 20 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4863 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ევროს, დღეს მოქმედი კურსი 3.0625 ლარია. 20 ოქტომბერს 1 ევრო 2.9405 ლარი ღირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]