გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული სერვისების შესახებ.
მშენებლობას გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. პროექტის ეფექტურად განხორციელებას საკონსულტაციო ჯგუფი (GFA)უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 793 450 ლარია.
სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 737 500 ლარი დაიხარჯება.
ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. პარკის ფართობი 9,030 ჰექტარია. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.
ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობის მიუხედავად, ყაზბეგის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის.
ამავე რეგიონშია გერგეთის სამება; გველეთის ჩანჩქერი; ჯვრის უღელტეხილი; თრუსოს ხეობა ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ნასოფლარებით, მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინებით; დარიალის ხეობა; დარიალის ციხე; ხდის ხეობა; ართხმოს ხეობა; სოფ. ჯუთა - ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ახლოსაც ჭაუხის მთებია.