weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვიშხეთი–ზვარეს გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა  

16:45 კვირა, 19 ნოემბერი 2017

საქართველოში ყველაზე გრძელი, 8.5 კილომეტრიანი ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. გვირაბი თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია. მისი მშენებლობის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება.

კვირიკაშვილის შეფასებით, პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, გაძლიერდება უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება და შემცირდება მატარებლით თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო.

„თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მალე ჩვენ გვექნება მოდერნიზებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მან ქვეყნის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში, მათ შორის, ვაჭრობისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს საშუალება, დავიბრუნოთ ისტორიული ფუნქცია ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. ამდენად, ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდის კუთხით. განვითარებული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის და დიდი შესაძლებლობაა რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე ბიზნესის წარმოებისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვისაც. ეს ორი პროექტი ერთობლივად, ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ეკონომიკურ ლანდშაფტს, ამიტომ მათი წარმატებით განხორციელება არის ქვეყნის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გვირაბის მშენებლობას „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს. პროექტს ზედამხედველობას უწევს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]