weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მიწის საკუთრების საკითხი ორგანული კანონით მოწესრიგდება – მამუკა მდინარაძე

15:31 პარასკევი, 12 მაისი 2017

„ქართულ მიწას არაფერი ემუქრება და ამასთან დაკავშირებით ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ჩვენ მივიღებთ ორგანულ კანონს, სადაც ნახავთ, რომ ეს პათოსი იქნება გაზიარებული“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის მოთხოვნას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწების გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალოს.

„მაგალითად, არაბები, აქვე, ახლოს მიწის უზარმაზარ ფართობებს ყიდულობენ. რაღაც ფობიებში ნუ დამადანაშაულებთ, ძალიან გთხოვთ. ჯერ ჩემი ქვეყანაა და მერე ყველა დანარჩენი გარშემო. ეს რეგულაციები რომ არ იყო თავის დროზე, იმიტომ გთავაზობდით, რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაწერილიყო - უნდა აიკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა უცხოელ მოქალაქეებზე. იმის ნაცვლად, რომ ეს მკაფიო ჩანაწერი გაგეკეთებინათ კონსტიტუციის პროექტში, თქვენ ამბობთ, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და შემდეგ კანონი დაარეგულირებს ამას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა დღეს, თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე.

მისივე თქმით, ის არ ებრძვის ინვესტორებს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისინი ხალხის სასარგებლოდ არაფერს აკეთებენ.

„მიწის საკითხი ძალიან სენსიტიური თემაა. კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებით არის მის განსაკუთრებულობაზე ხაზგასმა და ორგანული კანონით მოწესრიგდება ისე, რომ როგორც გააკეთა წარსულში საკონსტიტუციო სასამართლომ, ასე მარტივად ასეთი შეზღუდვებისა და აკრძალვების რაღაც გამორიცხვას ვეღარ შეძლებს და შესაბამისად, ქართულ მიწას არაფერი ემუქრება ამ მხრივ. ჩვენ მივიღებთ ორგანულ კანონს, სადაც ნახავთ რომ ეს პათოსი იქნება გაზიარებული“, - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, 2013 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც 2013 წლის 19 ივლისიდან ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენდნენ (ვერც მემკვიდრეობით მიიღებდნენ) უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ეს უფლება აღნიშნულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე ჩამოერთვათ.

2014 წლის ივნისში, საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გააუქმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]