„ძევრულჰესის“ მოქმედი ტარიფი 2.616 თეთრია, რომელიც, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 1.986 თეთრამდე მცირდება; „გუმათჰესის“ ტარიფი 2.004 თეთრია და 2.209 თეთრამდე იზრდება; „ლაჯანურჰესის“ ტარიფი 1.593 თეთრია, რაც 1.679 თეთრამდე გაიზრდება; „რიონჰესის“ ტარიფი 3.301 თეთრია და 4.060 თეთრი ხდება; „შაორჰესის“ ტარიფი 1.933 თეთრია და 2.747 თეთრამდე იზრდება. გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 1-ელ იანვრიდან შევა.
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილებაც მიიღეს. სახელმწიფო ელექტროსისტემის გადაცემის ტარიფი 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 0.872-დან 1.323 თეთრამდე გაიზარდა.
სემეკ-ის სხდომას ესწრებოდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. მისი განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ 2018 წლიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება გაიზარდოს.
„ეს არის უმაღლესი ცინიზმი. ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ამბობდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფიდან სააკაშვილი 1 ლარს იპარავდა. ნაცვლად იმისა, რომ ეს ტარიფი დაკლებულიყო მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ტარიფი იმატებს. ჩვენ უნდა დავნიშნოთ დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც დაადგენს რამდენია 1 კვტ.სთ-ზე გაწეული რეალური ხარჯი და რამდენს იდებენ ჯიბეში ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები“, - განაცხადა კუკავამ.
სემეკ-ი ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ 27 დეკემბერს იმსჯელებს.