weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

EBRD-მა ნენსკრა ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება მესამედ გადადო

12:45 პარასკევი, 19 იანვარი 2018

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრა ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთხელ, ამჯერად 31 იანვრისთვის გადადო. სვანეთში, მდინარე ნენსკრაზე 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად საქართველო EBRD-ისგან 214 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფას ითხოვს.

სესხის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ჯერ 2017 წლის აპრილში, შემდეგ კი სექტემბერში უნდა მიეღო, თუმცა განხილვა 2018 წლის 17 იანვრისთვის გადაიდო. იანვარში კი ცნობილი გახდა, რომ საკითხზე მსჯელობა 31 იანვარს გაიმართება. 

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის დავით ჭიპაშვილის განცხადებით, საკითხის განხილვის გადადება მისასალმებელია. მისივე თქმით, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელება საერთოდ შეწყდება, რადგან ის ქვეყნისთვის ფინანსურ რისკებს ზრდის.

„ამ პროექტის გამო ქვეყანას მოუწევს წელიწადში მინიმუმ 102 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა ელექტროენერგიაში, რომელიც შესაძლოა, საერთოდ არ სჭირდებოდეს და ეს უნდა გაგრძელდეს 36 წლის განმავლობაში. სრულიად გაუგებარია, რატომ არ განიხილება ისეთი ალტერნატივები, როგორიც არის ენერგოეფექტურობა,“ - განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად აშენებს. ჰიდროელექტროსადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1’200.00 გგვტ/სთ იქნება. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. დაფინანსების 70% EBRD-ზე მოდის. სესხს გამოყოფენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის განვითარების ბანკი (KDB).

ნენსკრა ჰესის მშენებლობას სოფელ ჭუბერის მცხოვრებლები და გარემოსდამცველები ეწინააღმდეგებიან. „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, ჰესის მშენებლობა, მისი მასშტაბის, დიზაინისა და საპროექტო ტერიტორიის მდებარეობის გამო, ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას გამოიწვევს. ორგანიზაციამ ჰესის მშენებლობა ბერნის კონვენციაშიც გაასაჩივრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]