გიორგი ზირაქაშვილი ერთ-ერთია იმ ფერმერთაგან, ვინც აგროფორუმში მიიღო მონაწილეობა. მას მაღალპროდუქტიული, შვიცბრაუნის ჯიშის ძროხებით დაკომპლექტებული ფერმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში აქვს და რძის პირველადი წარმოებით არის დაკავებული. ფერმერის თქმით, კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის ყველა სფერო საჭიროებს ხელშეწყობას, მათ შორის, რძის წარმოება-გადამუშავების მიმართულებაც, რომელიც ჩანასახის მდგომარეობაშია და მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს.
„ამ დარგის განვითარების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე კადრების ნაკლებობაა. პრობლემაა რეგიონში შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობაც. აგროფორუმის მსგავსი ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს დარგის სპეციალისტებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბანკის წარმომადგენელს ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე უშუალოდ მივმართოთ და კონსულტაცია მივიღოთ. რეგიონში ასეთი შესაძლებლობა ხშირად არ გვაქვს“, - ამბობს გიორგი ზირაქაშვილი.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გივი ბასილაძე ამბობს, რომ რძის პირველადი წარმოების დარგში მთავარი პრობლემა მაღალპროდუქტიული ჯიშის მესაქონლეობის ფერმების სიმცირეა, რაც ქართულ ბაზარზე რძის სეზონურობას და დეფიციტს იწვევს.
„საქონლის მთელი სულადობის მხოლოდ 3 %-ს შეადგენს შემოყვანილი, მაღალპროდუქტიული პირუტყვი, 97 % კი ადგილობრივი დაბალპროდუქტიული, ხშირ შემთხვევაში დაავადებული საქონელია. ამ სულადობაში იწარმოება მინიმალური ოდენობის რძე. ზამთარში რძის დეფიციტია, რის გამოც ბიზნესოპერატორი იძულებულია დამოკიდებული იყოს რძის ფხვნილის იმპორტზე. ამ დარგში ეფექტიანობას მაღალპროდუქტიული პირუტყვის, პროფესიონალი კადრებისა და თანამედროვე დანადგარების ერთიანობა განაპირობებს. ფერმერთა კოოპერირების გზით შესაძლებელია პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა, თუმცა მოცულობითი ინვესტიციის გარეშე, ეს საკითხი ვერ მოგვარდება“, - აღნიშნა გივი ბასილაძემ.
კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 3000-მდე კოოპერატივია რეგისტრირებული. კოოპერატივების რაოდენობით რეგიონებს შორის კახეთი მესამე ადგილზეა. როგორც სააგენტოს მიზნობრივი პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა დავით მამუკელაშვილმა ფორუმის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, მეწარმეებსა და ფერმერებს კოოპერატივების როლისა და მუშაობის შესახებ ხშირად არასწორი ინფორმაცია აქვთ.
„კოოპერაციული პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობისთვის. აუცილებელია მოსახლეობამ უფრო ღრმად ჩაიხედოს და გაანალიზოს ეს თემები. კოოპერატივების განვითარების სააგენტო საინფორმაციო კამპანიას ინტენსიურად ახორციელებს, თუმცა დამატებით თიბისი ბანკის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი შეხვედრების დროს ხდება პრობლემების იდენტიფიცირება და გამოკვეთა. სასარგებლო ინფორმაციას იღებენ როგორც ფერმერები, ისე ჩვენ“, - ამბობს დავით მამუკელაშვილი.
სოფლის მეურნეობაში კვალიფიციური კადრების დეფიციტს, კოოპერატივების მართვის გამოცდილების ნაკლებობას და ფინანსურ რესეურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს უსვამს ხაზს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ნათია ტატიშვილი. მისი თქმით, ფერმერების, კერძო და საჯარო სექტორის მონაწილეობით ამ საკითხებზე კახეთში პირველად იმსჯელეს.
„რეგიონში ამ ფორმატის შეხვედრა პირველად შედგა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კერძო სექტორმა დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქტი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გააცნო. საკითხები სწორად იყო მორგებული ფერმერთა ინტერესებს და საჭიროებებს“, - აღნიშნა ნათია ტატიშვილმა.
თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის განვითარება
თიბისი ბანკის აგრო ბიზნესის ხელმძღვანელის, ვეფხვია ლომინაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, ფინანსური რესურსის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ამა თუ იმ დარგში დღეს არსებული გამოწვევებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც.
„ფერმერთა ცოდნა თანამედროვე ფერმერული მეურნეობების წარმართვის შესახებ სამწუხაროდ, საკმაოდ მწირია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველოში გლეხური მეურნეობების წილი გაცილებით დიდია, ვიდრე თანამედროვე ფერმერული მეურნეობებისა. გადავწყვიტეთ, რომ ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ჩვენს კლიენტებს არაფინანსური დახმარებაც გავუწიოთ. რეგიონებში გამართულ აგროფორუმზე განვიხილავთ სოფლის მეურნეობის პერსპექტიულ დარგებს, წამყვან სპეციალისტებთან ერთად ვსაუბრობთ კონკრეტული დარგის სპეციფიკაზე და იმ გარემოებებზე, რაც ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რათა საკუთარი მეურნეობა სწორად, მინიმალური შეცდომების დაშვების ხარჯზე წარმართოს“, - აღნიშნა ვეფხვია ლომინაშვილმა.
მისივე თქმით, თიბისი ბანკს კახეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით 60 მილიონ ლარზე მეტი აქვს დაბანდებული. „ბუნებრივია, ჩვენი მიზნია, რომ დაბანდება კიდევ უფრო გავზარდოთ და ხელი შევუწყოთ კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - ამბობს ვეფხია ლომინაშვილი.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით თიბისი ბანკი ფერმრებს არაერთ პროდუქტს სთავაზობს. მათ შორის არის სტარტაპ აგრო სესხი, თიბისი ბანკის ახალი აგროპროდუქტი, რომელიც ბანკმა ფერმერებს საქართველოში პირველად რამდენიმე თვის წინ შესთავაზა. აგრო ბიზნესის განვითარების კოორდინატორი შოთა გონგლაძე აღნიშნავს, რომ სტარტაპ აგროსესხი ფერმერებისთვის ფინანსურ რესურსს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ის გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით გაიცემა, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს სესხის დაფარვა მას შემდეგ დაიწყოს, რაც დაფინანსებული მეურნეობა გაიზრდება და შემოსავლის მიღებას დაიწყებს.
„სტარტაპ აგრო სესხი სხვა სტანდარტული აგრო სესხებისგან იმით განსხვავდება, რომ გათვლებს საპროგნოზო შემოსავალზე ვაკეთებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერი აღებულ სესხს დაფინანსებული მეურნეობიდან მიღებული შემოსავლით დაფარავს. ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამედროვე, ინტენსიური მეურნეობების, მაღლპროდუქტიული მეცხოველეობის ფერმების განვითარებას და კოოპერატივების შექმნას. რაც შეეხება მრავალწლიან კულტურებს, ხელს ვუწყობთ თხილის, ნუშის, კაკლის, კივის, მოცვის, მაყვლის, ჟოლოსა და ყურძნის გაშენებას. კახეთის რეგიონისთვის პრიორიტეტია მიკროზონის საფერავი, ქისი და ხიხვი“, - ამბობს შოთა გონგლაძე.
სტარტაპ აგრო სესხის მინიმალური მოცულობა 20 000 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 1 500 000 ლარი. აგრო სესხის ერთ-ერთი პირობა პროექტის ჯამურ მოცულობაში ფერმერის 40%-იანი თანამონაწილეობაა.
„აუცილებელი არ არის თანამონაწილეობა ფულადი სახსრებით გამოიხატოს. თანამონაწილეობად ჩაითვლება ნებისმიერი განხორციელებული ინვესტიცია, ასევე მოპოვებული გრანტი. 40%-იანი თანამონაწილეობა არ მოეთხოვება მრავალწლიანი კულტურების გაშენების მიმართულებით გაცემულ აგრო სესხებს“, - აღნიშნა შოთა გონგლაძემ.
კახეთის შემდეგ, თიბისი ბანკის და საზოგადოებრივი განვითარების საკონსულტაციო ოფისის ორგანიზებით, აგროფორუმი საქართველოს სხვა რეგიონებში გაიმართება. ღონისძიების თემატიკა რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებული იქნება.
[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია