weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ ავიცილოთ თავიდან თხილის დაავადებები - რეკომენდაციები ფერმერებს

23:56 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებს მოუწოდებს, თხილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად თებერვალ-მარტში აგროტექნიკური სამუშაოები განახორციელონ.

სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის შემცირების უმთავრესი მიზეზი გულის სიდამპლეა, რაც განპირობებულია სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებით, ასევე ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას მოქმედებით. ფერმერთა ძალისხმევა უნდა წარიმართოს სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით.

ზამთრის ბოლოს - ადრე გაზაფხულზე თხილის წარმოების ყველა ზონაში უნდა ჩატარდეს ფენოლოგიური დაკვირვება კვირტების მდგომარეობაზე, რათა სწორად დაიგეგმოს სოკოვანი (მონილიოზის, ფუზარიოზისა და ა.შ.) და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. ეს ღონისძიებები, კერძოდ, ქიმიური წამლობები მიმართულია პათოგენური მიკროორგანიზმების კვირტებზე დასახლებისა და შეჭრის წინააღმდეგ.

შესხურებების ზუსტი კალენდარული დროის მითითება გაძნელებულია კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო. ამდენად, ყურადღება უნდა გამახვილდეს მცენარის ფენოლოგიურ ფაზებზე. პირველი შესხურება ტარდება კვირტების დაბერვის ფაზაში მხოლოდ კონტაქტური სპილენძისშემცველი ფუნგიციდებით, როგორიცაა კოსაიდი, კუპროქსატი, სპილენძის ქლორჟანგი, ჩემპიონი, იროკო, ნორდოქსი, აირონი, პოლტიგლია, ბორდოფლო, ოქსიქლორი, კუპროფლო, კუპერვალი, ბორდო ლუქსი და სხვა, ასევე 1,5 ან 2%-იანი ბორდოს ხსნარი. მეორე შესხურება უნდა ჩატარდეს კომბინირებული ნაზავით კვირტების გახსნის შემდეგ, ასევე სპილენძისშემცველი კონტაქტური პრეპარატებით და კვირტის ტკიპას არსებობის შემთხვევაში (როცა ერთ შტამბზე დაზიანებული კვირტების რაოდენობა 3-4 ცალს აჭარბებს) შესაბამისი აკარიციდებით (მასაი, ვერტეკი, ენვიდორი, ორტისი, ზუმი, ტალავი, კაისო, გოლდმაიტი ან სხვა). თუ ფერმერი ვერ მოახერხებს ორივე წამლობის ჩატარებას, ერთი კომბინირებული წამლობა მაინც უნდა ჩატარდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მდედრობითი კვირტების 15-20%-ზე მეტის გაშლის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ ბორდოს ხსნარის გამოყენებას.

უაღრესად მნიშვნელოვანია თხილის ნარგაობების დროული გასხვლა-ფორმირება და ამონაყარის მოცილება, რაც მეტად ამაღლებს მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ეფექტურობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]