weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თუშეთში 7 ახალი სასტუმრო შენდება

12:07 შაბათი, 20 მაისი 2017

თუშეთში 7 ახალი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. აქედან, 5 საოჯახო, 2 კი საშუალო კლასის სასტუმრო იქნება.

ზემო ომალოში წელს ახალ საოჯახო სასტუმროს გახსნის რამაზ ალიაიძე. სასტუმრო სამსართულიანი და 13 ოთახიანი იქნება. პირველ სართულზე რესტორანი განთავსდება. როგორც „რეგინფოს“ რამაზ ალიაიძემ უთხრა, სასტუმროში ღამის გათევის ღირებულება 40 ლარი იქნება, საუზმით 50 ლარი.

„სასტუმროს მშენებლობა სამი წლის წინ დავიწყე. 9 ორკაციანი და 4 სამკაციანი ოთახი გვაქვს. ფინანსური პრობლემების გამო, მხოლოდ 6 ოთახის მოწყობა მოვახერხეთ, მაგრამ წელს მაინც გავხსნით. ტურისტებს რესტორანში თუშურ ტრადიციულ კერძებთან ერთად, სხვადასხვა სახის ლანჩ პაკეტებსაც შევთავაზებთ“,- აღნიშნა რამაზ ალიაიძემ.

წელს საოჯახო სასტუმროს გახსნას გეგმავს ქვემო ომალოში მცხოვრები აკაკი სისაურიც. სასტუმროს მეპატრონის თქმით, სასტუმროში 6 ოთახია, ყველა ოთახს ინდივიდუალური აბაზანა და ტუალეტი აქვს. ღამის გათევა ორჯერადი კვებით 60 ლარი ეღირება.

„თუშეთში ძველი სახლი მქონდა და აქამდე ოჯახთან ერთად მხოლოდ დასასვენებლად ავდიოდი. ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და გადავწყვიტეთ, სასტუმრო მოგვეწყო. ყველაფერს საკუთარი ფინანსებით ვაკეთებდი. წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 15 000 ლარიანი გრანტი მივიღეთ, რომლითაც მზის განათებები, წყლის გამათბობელი და საწოლები შევიძინე“,- უთხრა „რეგინფოს“ აკაკი სისაურმა.

ზემო ომალოში, კესელოს ციხის ძირში, 10 ოთახიან საოჯახო სასტუმროს აშენებს ნუგზარ თათულაიძე. „სასტუმროს მეოთხე წელია ვაშენებთ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, მხოლოდ 3 ოთახის დასრულება შევძელით. ყველაფერს ჩვენი ხელით, მუშის გარეშე ვაკეთებთ და სტუმრების მიღებას წელსაც ვერ შევძლებთ. ახლა სახელმწიფო პროგრამაში გვინდა მონაწილეობა მივიღოთ და დაფინანსებას თუ მოვიპოვებთ, დანარჩენ ოთახებსაც მოვაწყობთ და მომავალ წელს მაინც გავხსნით. ჩვენი სახლი კესელოს ციხის ძირში, ძალიან ლამაზ ადგილზეა და იმედი გვაქვს, გახნის შემდეგ ბევრ დამსვენებელს მივიღებთ“,- აღნიშნა ნუგზარ თათულაიძემ.

თუშეთში, სოფელ ზემო და ქვემო ომალოს შორის 26 ნომრიან სტანდარტული კლასის სასტუმროს აშენებს ლევან სულაკაური. მისი თქმით, სასტუმრო „ნაბადი“ გარედან თუშურ სტილში ფიქალით მოპირკეთდება, შიგნიდან კი თანამედროვედ მოეწყობა. შენობაში განთავსდება რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია კოტეჯების მოწყობა.

„ყოფილი სკოლის ადგილზე თანამედროვე სასტუმროს მშენებლობა გასულ წელს დავიწყე. ეს იქნება 80-90 კაცზე გათვლილი სტანდარტული კლასის კომპლექსი, რომელიც თუშეთში ამოსულ დამსვენებელს უმაღლეს მომსახურებას შესთავაზებს. შენობაში იქნება რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი. თუშეთში ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს და ამიტომ გადავწყვიტე კერძო ინვესტიცია განმეხორციელებინა. სასტუმროს გახსნას 2018 წლის სეზონზე ვგეგმავ. დღევანდელი გათვლებით ორკაციანი ნომრის დაჯავშნა კვებით 120 ლარი ეღირება. სასტუმრო „ნაბადის“ ნიშა როგორც არქიტექტურულად, ისე მომსახურების თვალსაზრისით განსხვავებული იქნება“,- უთხრა „რეგინფოს“ ლევან სულაკაურმა.

სოფლების ზემო და ქვემო ომალოს შუაში აშენებს დიდ თანამედროვე სასტუმროს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი. ზემო ომალოში აშენებენ საოჯახო სასტუმროებს დავით მოზაიძე და შორენა სისაურიც.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის სეზონზე თუშეთს 13 558 ვიზიტორი ეწვია.

თუშეთში ტურისტული სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჯერ არ გახსნილა. ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56–ე კილომეტრზე, უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე სამ კილომეტრში მთა არის მოწყვეტილი, მდინარეა დაგუბებული და მეწყრული პროცესებია გააქტიურებული, რის გამოც, შესაძლოა, გზა ივნისის შუა რიცხვებამდე ვერ გაიხსნას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]