weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგანგაშო დარღვევები, რომლებიც 2016-2017 წლებში ტყიბულის შახტებშია გამოვლენილი

17:11 პარასკევი, 06 აპრილი 2018

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ, 2016 და 2017 წლებში შეამოწმა.

ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ ანგარიშში ვკითხულობთ:

„შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში“

ინსპექტირების მასალების მიხედვით, საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა, შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის/ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე.

2017 წელს ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტები გამოვლენილი მძიმე დარღვევები:

  • ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები;
  • გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები;
  • შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს;
  • ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში;
  • შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისათვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად;
  • ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა);
  • 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე;
  • შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან. არ არის განათება. ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა.
  • შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი;
  • მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტროკაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული;
  • ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი);
  • კვეშლაგში გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა;
  • სამანქანო არსებული ელექტრო ფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით;
  • გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა.

 

2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს კი მინდელის შახტაში დამატებით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

  • დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთი.
  • შახტაში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ დამაკავშირებელი გვირაბი (50კვ.მ ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენების და გავრცელების რეალური საფრთხეს შეიცავს.
  • სამუშაო ადგილზე არ არის პერსონალის შესვენებისთვის აუცილებელი ფართი. ამის ნაცვლად, დასაქმებულებს მოწყობილი აქვთ დროებითი მოსასვენებელი ადგილი მუყაოს ნაჭრებით.
  • გადასაადგილებელი ვაგონები მოსაწესრიგებელია, სარელსე მეურნეობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.
  • არ ფუნქციონირებს მუშათა ჩასხდომის სასიგნალო სისტემა.
  • პერსონალი შეხებაშია სხვადასხვა მჟავებთან.
  • ტერიტორია გადატვირთულია უყურადღებოდ დატოვებული მანქანა დანადგარებისათვის განკუთვნილი ზეთის ავზებით.
  • შახტის შესასვლელი ტერიტორია გადატვირთულია სხვადასხვა წარმოშობის ლითონის გადანაყრებით. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა.

 

სამუშაო გარემოს გავლენა პერსონალზე და პროფესიული დაავადებები

საწარმოებში ინფრასტრუქტურის სიძველე ქმნის გაუსაძლის შრომით პირობებს და დაზიანებული ტექნიკის გამო დასაქმებულებს სამუშაოს შესრულება ფიზიკური ძალის გამოყენებით უწევთ. გარდა ამისა, შახტაში მოძრავი მექანიზმები არ არის უზრუნველყოფილი ეფექტიანი მტვერსაწინააღმდეგო საშუალებებით, მოსაწყობია სპეცტანსაცმლის გაუმტვერიანების სათავსო, საინჰალაციო, ფოტორიუმი და სხვა. შახტაში მომუშავე პერსონალისთვის მოუგვარებელია სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების საკითხი. მოუწესრიგებელია სასადილო ტერიტორია.

2016 წლის ინსპექტირების მასალებით ჩანს, რომ მონიტორინგის ჯგუფი გაეცნო საწარმოში არსებულ სამედიცინო ჟურნალებსა და ისტორიებს. დოკუმენტების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ დასაქმებულთა უმეტესობას აღენიშნება გულსისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა ჰიპერტენზია, დასაქმებულთა ნაწილში ფიქსირდება სტენოკარდიული შემთხვევებიც.

ამასთან, დასაქმებულებს შორის განსაკუთრებით ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

  • რესპირატორული დაავადებები, რაც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით სამუშაო ადგილებზე, მტვრის მომატებული კონცენტრაციით და სამუშაო პირობებთან შეუსაბამო სპეცტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობით;
  • დასაქმებულებს შორის ხშირია სმენის პრობლემები, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია სმენის დამცავი (ხმაურჩამხშობი) საშუალებების არქონით და მომეტებული საწარმოო ხმაურით სამუშაო ადგილზე;
  • ამას გარდა, ფიქსირდება დასაქმებულთა მხედველობის სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც შესაძლოა განპირობებული იყო არასაკმარისი განათებით და მხედველობის ორგანოს ზედმეტი დაძაბვით;
  • საწარმოო უბნებზე დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ვიბრაციის საწინააღმდეგო ხელთათმანებით, რის გამოც უვითარდებათ ვიბრაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
  • მძიმე სამუშაო გარემოს გამო, დასაქმებულებს უწევთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება არახელსაყრელ საწარმოო გარემოში, რის გამოც გახშირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები.

გახშირებულია საწარმოო ტრავმატიზმი. პერსონალს შორის ხშირია ზედა და ქვედა კიდურის სხვადასხვა სიმძიმის ნასერი და ნაგლეჯი ჭრილობები, რაც გამოწვეულია უსაფრთხოების წესების დაუცველობით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობით. ხშირია, უცხო სხეულით თვალის დაზიანებების შემთხვევები, რაც მათ შორის, დამცავი სათვალის არარსებობით არის გამოწვეული. ფიქსირდება აირით მოწამვლის შემთხვევები, რის შედეგადაც დასაქმებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები.

შრომისპირობების  ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ე.წ. რემონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესამოწმებლად საწარმოში არ განხორციელებულა.

ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით  ჩატარებული ინსპექტირების ანგარიშების მიმოხილვა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა.

5 აპრილს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები არიან 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]